უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 6-7 იანვარს ღამით რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა 28 უპილოტო აპარატითა და სამი ფრთოსანი რაკეტით. ქალაქ დნეპროპეტროვსკის ცენტრში 12 ადამიანი დაშავდა.
ბოლო დღეების თავდასხმებთან შედარებით მცირე მასშტაბის მიუხედავად, 7 იანვრის იერიშიდან ჩანს, რომ რუსეთი არ წყვეტს ცეცხლის დაშენას სამოქალაქო, ხშირად ფრონტის ხაზიდან შორს მდებარე ინფრასტრუქტურაზე.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები Telegram-ის გზით იტყობინებიან, რომ ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 28-დან 21 დრონი, რომელთა სამიზნე ძირითადად უკრაინის სამხრეთი და აღმოსავლეთი იყო. უკრაინის ტელევიზიას სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა იური იჰნატმა განუცხადა, რომ „მოწინააღმდეგემ იერიშის აქცენტი გადაიტანა ფრონტისპირა ტერიტორიებზე: ხერსონის და დნეპროპეტროვსკის ოლქებს დრონებით შეუტიეს".
ამ თავდასხმებზე რუსეთს განცხადება არ გაუკეთებია.
დნეპროპეტროვსკის ცენტრში თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა რამდენიმე შენობა, მათ შორის სკოლის საერთო საცხოვრებელი.
ბოლო ორ კვირაში რუსეთმა უკრაინაში სამიზნეებს 300 რაკეტა დაუშინა და 200 დრონი გაუშვა ქვეყნის სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით.
მხოლოდ 29 დეკემბერს უკრაინის ქალაქებს 120 რაკეტა ესროლეს. დაიღუპა 44 ადამიანი, მათგან 30 მხოლოდ კიევში.