Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში უკან მონანიებით დაბრუნებულები უნდა მივიღოთ - კირილე


 რუსეთის პატრიარქი კირილე საშობაო წირვაზე. 7 იანვარი, 2024 წელი
რუსეთის პატრიარქი კირილე საშობაო წირვაზე. 7 იანვარი, 2024 წელი

რუსეთმა არ უნდა უკუაგდოს ისინი, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლის მერე იდეური მოსაზრებით რუსეთიდან წავიდნენ, თუ ისინი დაბრუნდებიან „იმის გაცნობიერებით, რომ მართლაც შეცდომა დაუშვეს“.

ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილემ განაცხადა რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ საშობაო ინტერვიუში, როცა ილაპარაკა უკრაინაში ომის გამო რუსეთიდან გაქცეულ მოქალაქეებზე.

„თუ ის ადამიანები, რომლებმაც დატოვეს რუსეთი და სადღაც მის წინააღმდეგაც ილაპარაკეს, დაბრუნდნენ იმის გაგებით, რომ მართლაც შეცდომა დაუშვეს, სამშობლომ ისინი არ უნდა უკუაგდოს", - თქვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარმა. კირილემ გაიხსენა „უძღები შვილის დაბრუნების“ ბიბლიური ამბავი და თქვა, რომ მათ შორის, ვინც სამშობლო დატოვეს, „არიან ღირსეული ადამიანები, ვინც შეცდა, შეშინდა ან მართლა შეეცადა ცხოვრებაში მყუდრო ადგილის მოძებნას, მაგრამ შერცხვა“.

რუსეთის მთავარმა სასულიერო პირმა ხაზი გაუსვა, რომ დაბრუნებულებს „შეიძლება შეეხოს სამართალდაცვის სფერო“, მაგრამ, მისი თქმით, ეს უკვე „აღარ ეხება სასულიერო პირებს“.

კირილე უკრაინასთან ომში მხარს უჭერს კრემლის პოზიციას და უკრაინაში შეჭრის მიზეზებს ამართლებს. მას არაერთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები.

უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა ათიათასობით მოქალაქემ. მოსკოვი ოფიციალურ მონაცემებს არ აქვეყნებს. Forbes-ის თანახმად, 2022 წლის ოქტომბერში მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, რუსეთიდან წავიდა 700 ათასი მოქალაქე, მათი ნაწილი საქართველოშია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იმოწმებს საქსტატის მონაცემებს, რომლის თანახმად, 2022 წელს 62 300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად.

2022 წელს ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ამ ქვეყანაში ჩავიდა რუსეთის თითქმის სამი მილიონი მოქალაქე, რომლის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა.

Financial Times-ის ინფორმაციით, 2022 თებერვლიდან 2023-ის ოქტომბრამდე რუსეთი დატოვა ამ ქვეყნის 800 ათასმა მოქალაქემ. სამშობლოში, უკან, დაბრუნდა მათი 15%.

XS
SM
MD
LG