Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რამდენიმე თვეა ის ხატი იქაა" - სამების ტაძრის მღვდელმსახური სტალინის გამოსახულებაზე


სამების ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი და ფრაგმენტი მატრონა მოსკოველის ხატიდან, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული
სამების ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი და ფრაგმენტი მატრონა მოსკოველის ხატიდან, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.

"ის არ არის ხატი, მოდი, ასე ვთქვათ. არის რაღაც ერთ-ერთი ხატმწერის მიერ დაწერილი რაღაც პატარა გამოსახულება, რომლისთვისაც ყურადღება არავის არ მიუქცევია, გარდა ჟურნალისტებისა და ატეხეს ერთი ამბავი. რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის. არც ჩანს, ფაქტობრივად, მაგრამ ვიღაც ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი", - უთხრა 7 იანვარს არქიმანდრიტმა ჟურნალისტს.

ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში კი პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ამბობენ, რომ რუსი წმინდანის ხატი სამების ტაძარს მათ შესწირეს.

6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა იმ ხატის ფოტოები, რომელიც, მისი თქმით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა გიორგი კანდელაკმაც. წმინდა მატრონა მოსკოველის ხატმწერის ვინაობა ცნობილი არ არის.

რადიო თავისუფლება საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელთან ცდილობდა იმის გარკვევას, რა დროიდან არის განთავსებული რუსი წმინდანის ხატი სამების ტაძარში და ვინ არის მისი ხატმწერი.

"გილოცავთ ქრისტეს შობას, იფიქრეთ ამ საიდუმლოზე და გაიხარეთ. სტალინი და მატრონა მოიცდიან სხვა დღეებისთვის", - მოგვწერა დეკანოზმა ჩვენი კითხვების პასუხად.

იოსებ სტალინის ხატები რამდენიმე წელია ჩნდება რუსულ ეკლესიებში, რუსი მორწმუნეების ნაწილი მის წმინდანად შერაცხვასაც კი ითხოვს.

მითი იოსებ სტალინის ღვთისმოსაობის შესახებ თანამედროვე რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი პროდუქტია - რეალურად კი საბჭოთა რეპრესიების ერთ-ერთი სამიზნე სწორედ რელიგიები, მათი მსახურები და მიმდევრები იყვნენ. საბჭოთა ხელისუფლების პირველივე წლებში დაიწყო ღვთისმსახურთა მასობრივი დაპატიმრება, დაიხურა ეკლესიები და დაარსდა "უღმერთოთა კავშირები".

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს. სტალინური "დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათ უმრავლესობას - დახვრეტის გზით. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს. სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.

XS
SM
MD
LG