Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდასხმის შედეგად, ღაზაში ორი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა


ღაზაში "ალ-ჯაზირის" ოფისის ხელმძღვანელი ვაელ ალ-დაჰდუ თავისი ვაჟის, ჰამზა ალ-დაჰდუს დასაფლავებაზე. 7 იანვარი. 2024 წელი
ღაზაში "ალ-ჯაზირის" ოფისის ხელმძღვანელი ვაელ ალ-დაჰდუ თავისი ვაჟის, ჰამზა ალ-დაჰდუს დასაფლავებაზე. 7 იანვარი. 2024 წელი

ღაზის სექტორის ჯანდაცვის ოფიციალური პირებისა და ადგილობრივი ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, 7 იანვარს რაფაჰის მახლობლად, ღაზის სამხრეთში, მათ მანქანაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი პალესტინელი ჟურნალისტი, რომლებიც იმ არეალში ვითარების გასაშუქებლად იყვნენ.

Reuters-ის თანახმად, ჰამზა ალ-დაჰდუ და მუსტაფა თურაია შტატგარეშე ჟურნალისტები იყვნენ. ალ-დაჰდუ "ალ ჯაზირასთვის" მუშაობდა, იგი იყო ღაზაში კატარის ტელეკომპანიის მთავარი კორესპონდენტის, ვაელ ალ-დაჰდუს ვაჟი. დაშავდა მესამე შტატგარეშე კორესპონდენტი ჰაზემ რაჯაბი.

ვაელ ალ-დაჰდუმ კონფლიქტის დაწყების პირველ ხანებში ისრაელის ავიაციის თავდასხმის შედეგად დაკარგა ცოლი და ორი სხვა შვილი, ასევე - შვილიშვილი.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდასხმის შესახებ კომენტარის მოთხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხეს.

საერთაშორისო დამკვირვებელმა, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა" (CPJ), განაცხადა, რომ 6 იანვრის მდგომარეობით, დაიღუპა 77 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი - 70 პალესტინელი, ოთხი ისრაელელი და სამი ლიბანელი.

ღაზის დე იურე ხელისუფლების პრესსამსახურმა, რომელსაც ჰამასი მართავს, განაცხადა, რომ ჟურნალისტთა დაღუპვის ამ ორმა ახალმა შემთხვევამ ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულ ჟურნალისტთა რიცხვი 109-მდე გაზარდა.

კონფლიქტის გაშუქებისას დაღუპულ ჟურნალისტთა შორისაა Reuters-ის ჟურნალისტი ისამ აბდალა, რომელიც ლიბანის მოქალაქე იყო. Reuters-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი 13 ოქტომბერს ლიბანში საზღვრისპირა დაბომბვის გადაღებისას მოკლა ისრაელის სატანკო ეკიპაჟმა.

XS
SM
MD
LG