Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის განკარგულებით, უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ


ზურაბ აზარაშვილი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი
ზურაბ აზარაშვილი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს მთავრობამ 2024 წელს პირველი სხდომა გამართა. მინისტრთა კაბინეტმა სამი საკითხი განიხილა, მათ შორის მიიღო განკარგულება, რომლის თანახმად, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ათასამდე მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემენ. პროგრამა ორ წელს მოიცავს და მისი ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი სამი და მეტი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე − თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მრავალშვილიან ოჯახებს შესაბამისი კრიტერიუმებით შეაფასებს კომისია, რომელიც დევნილთა სააგენტოში შეიქმნება.

აზარაშვილმა პროცედურა განმარტა: „ოჯახები განაცხადს შეიტანენ ჯანდაცვის სამინისტროს მუნიციპალურ ცენტრებში... ჩვენ მუნიციპალიტეტებიდან გვაქვს ინფორმაცია და, სავარაუდოდ, ასეთი ოჯახები აღრიცხულია. ამის საფუძველზე პროაქტიულად ჩვენ თვითონაც მივმართავთ და თვითონაც შეძლებენ განაცხადის შეტანას".

შეკითხვაზე, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდება 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, აზარაშვილმა უპასუხა: „რადგან საარჩევნო წელია, ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ეს გადაწყვეტილება ფორმალურად გაფორმდა 2024 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე, თუმცა პროექტზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა: სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა მუნიციპალიტეტებიდან, პროექტის დიზაინზე მუშაობა და სხვ. წელს უკვე იწყება ეს პროგრამა და შესაბამისად, არანაირი კავშირი საარჩევნო წელთან არ აქვს, მით უმეტეს გაუგებარია, რა იგულისხმება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში. თანხა გამოიყოფა კონკრეტული მიზნობრიობით".

XS
SM
MD
LG