Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში იძიებენ გაზსადენზე განხორციელებულ დივერსიას


საილუსტრაციო ფოტო: გაზსადენი დასავლეთ გერმანიაში. ვერნე, 24 მარტი, 2022.
საილუსტრაციო ფოტო: გაზსადენი დასავლეთ გერმანიაში. ვერნე, 24 მარტი, 2022.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქვეყნის ჩრდილოეთში გამავალი გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით. თავდაპირველი ეჭვით, საქმე გვაქვს პოლიტიკურად მოტივირებულ დივერსიასთან.

ტრასა გერმანიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნაწილს შეადგენს. ჟურნალ Der Spiegel-ის ინფორმაციით, ზიანით გამოწვეული ზარალი მილიონ-ნახევარ ევროს შეადგენს. ვინ ჩაიდინა დივერსია, უცნობია. ბოროტმოქმედებს ამის თაობაზე არავითარი განცხადება არ გაუკეთებიათ. მშენებარე გაზსადენი ETL 180 ქალაქ ბრიუნსბიუტელში შიდა ენერგეტიკულ ქსელთან აკავშირებს მცურავ ტერმინალს, რომელიც გათხევადებული ბუნებრივი აირის ტანკერების მიღებისთვის არის განკუთვნილი. საწარმო Gasunie Deutschland GmbH & Co. KG-მ იანვრის დამდეგს განაცხადა დაზიანების შესახებ, მაგრამ მომხდარის მასშტაბები არ იყო ცნობილი.

Der Spiegel-ი იტყობინება, რომ უცნობმა პირებმა გაზსადენში მინიმუმ რვა ათმილიმეტრიანი ხვრელი გაბურღეს. დაზიანება სხვადასხვა ადგილას მდებარეობს ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე.

ნოემბრის ბოლოს გაზის საცდელი გადატუმბვისას საწარმომ გამოავლინა, რომ გარეშე ჩარევის შედეგად დარღვეულია ჰერმეტულობა, და მაშინვე პოლიციას შეატყობინა ამის შესახებ.

დაზიანებისთვის გამოყენებულ იქნა პროფესიონალური მოწყობილობა, მათ შორის სპეციალური მცირეკალიბრიანი ბურღები, იტყობინებიან შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარის სისხლის სამართლის პოლიციის გამომძიებლები. გაზსადენი შლეზვიგ-ჰოლშტაინის ტერიტორიაზე გადის. ფოლადის მილს თავდაპირველად არ ეტყობოდა ხვრელები, ვინაიდან გაბურღვის შემდეგ ისინი კვლავ დაფარეს გარსით.

სარემონტო სამუშაოებს ართულებს ბუნებრივი პირობები, მაგრამ უახლოეს დღეებში ისინი მთლიანად დასრულდება. პარალელურად გაგრძელდება მილსადენის უკანასკნელი, 300-მეტრიანი მონაკვეთის გაყვანა.

მისი ექსპლუატაციის დაწყება 2023 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი. მაგრამ ამ ფედერალურ მხარეში ძლიერი წყალდიდობების გამო მშენებლობა დაგვიანებით დასრულდება.

ბრუნსბიუტელის გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი რიგით მესამეა გერმანიაში. გაზის პირველ ტანკერს უკვე იანვარში მოელიან. ამ გზით ტრანსპორტირებულმა გაზმა უნდა შეცვალოს მილსადენის გაზი, რომელსაც ქვეყანა 2022 წლამდე იღებდა რუსეთიდან.

პროკურატურა მომხდარის ყველა ვერსიას განიხილავს. ცნობილია, რომ უკანასკნელ წლებში გაზსადენის მშენებლობა რამდენჯერმე დაბრკოლდა ეკოაქტივისტების მიერ მოწყობილი ბლოკადების გამო.

XS
SM
MD
LG