Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კეკელიძე: მითხრეს, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან


გიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ მას თანამდებობიდან წასვლაზე ესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შეხვედრისა და საუბრის შინაარსზე კეკელიძემ ფეისბუკში დაწერა.

"პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა", - აცხადებს კეკელიძე.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაშია.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა პარლამენტის პრესსამსახურს, პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
"საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, უცხო სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები, ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობის და კულტურის ცენტრი, აგრეთვე ამ სამუშაოების კოორდინატორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ეროვნული ბიბლიოთეკა ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს", - წერია ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.

1846 წელს თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა". გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის 24-ე გენერალურ დირექტორად 2012 წელს დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG