Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ოპონენტმა კრის კრისტიმ დატოვა საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლა


ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრის კრისტი. მაიამი, 8 ნოემბერი, 2023.
ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრის კრისტი. მაიამი, 8 ნოემბერი, 2023.

ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორმა კრის კრისტიმ გამოაცხადა, რომ ტოვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატობისთვის ბრძოლას. ეს მოხდა რამდენიმე დღით ადრე, სანამ აიოვის შტატში გაიმართება ე.წ. კოკუსი, პარტიის მომხრეთა და წევრთა შეკრება, რომლითაც ტრადიციულად იხსნება პრაიმერიზის კამპანია. პრაიმერიზზე არჩევენ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს.

აშკარა ფავორიტად რჩება ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. კრისტი ეწინააღმდეგება კანდიდატად მის წამოყენებას. რბოლიდან გამოსვლა მან ახსნა სურვილით, ხელი შეუშალოს ტრამპის წარდგენას საპრეზიდენტო კანდიდატად. კრისტის მიაჩნია, რომ თავისი კანდიდატურის მოხსნით ის ტრამპის სხვა მეტოქეებს დაეხმარება პრაიმერიზში.

ადრე კრისტის კარგი ურთიერთობები ჰქონდა ტრამპთან, მაგრამ შემდგომში მან ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკა დაიწყო და მას დემოკრატიის საფრთხეს უწოდებდა. კრისტის კამპანიას სერიოზული რაოდენობის ამომრჩევლები არ ჰყავს. გამოკითხვის თანახმად, მისი რეიტინგი 4%-ს არ აღემატება.

საარჩევნო შეჯიბრიდან კრისტის გასვლის შემდეგ რესპუბლიკელთაგან პრეზიდენტობაზე პრეტენზიას აცხადებს ხუთი ადამიანი. მიმომხილველთა შეფასებებით, კანდიდატად წარდგენის მეტ-ნაკლებად სერიოზული შანსები აქვს სამს - ტრამპის გარდა, ესაა გაეროში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი და ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი. მათი რეიტინგები დაახლოებით თანაბარია. გამოკითხვების თანახმად, ტრამპი მათ ათეულობით პროცენტით უსწრებს. მაგრამ მის ოპონენტებს წარმატების იმედი აქვთ შტატებში, სადაც პრაიმერიზი ადრე ტარდება - აიოვასა და ნიუ-ჰემფშირში - რათა შემდეგ შეეცადონ, გარდატეხა შეიტანონ კამპანიაში.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ თებერვალში უნდა დაიწყოს განხილვა საკითხისა, აქვს თუ არა ტრამპს საერთოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მას შემდეგ, რაც კოლორადოსა და მენის შტატებში მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, არ დაუშვან ის პრაიმერიზზე. ბევრ სხვა შტატში მოსამართლეებმა ტრამპის სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG