Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

41 წლის კაპრალის ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ


ოჯახი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ კაპრალს გლოვობს. 
ოჯახი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ კაპრალს გლოვობს. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, პოლიციელები, სამხედროები და სასწრაფო დახმარების მანქანა 11 იანვარს, შუადღით გამოჩნდნენ. კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ცხედარს მათ იმავე დღეს სოფლის სასაფლაოსთან ნაძვნარში მიაგნეს. 

როდესაც დასვენების დღეების დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე ნაწილში არ გამოცხადდა მისი ძებნა ჯერ კოლეგებმა, შემდეგ კი პოლიციამ დაიწყო.

„სასწრაფოს მანქანა რომ გამოჩნდა და ზევით ნაძვნარისკენ წავიდა, მაშინ მივხვდით, რომ დაკარგული ირაკლი იქ იპოვეს. უპასუხისმგებლო ბიჭი არ იყო, სამსახურში რომ არ გამოცხადდა, ძებნა დაუწყეს“, - ამბობს გორში აფრიამაშვილის ერთ-ერთი მეზობელი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმავე დღეს 41 წლის სამხედრო ჩამომხრჩვალი იპოვეს. ის გორში თავდაცვის სამინისტროს ქვეითთა პირველ ბრიგადაში მსახურობდა.

“სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს", - წერია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დაკარგული სამხედროს ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 12 იანვარს გავრცელდა.

გიორგი აფრიამაშვილი, რომელიც წარმოშობით ახალციხიდან იყო, დაახლოებით 2 წლის წინ გადავიდა ქვეითთა პირველ ბრიგადაში. გორშივე იყიდა სამოთახიანი ბინა და სოფელ ახალშენში სახლი, მიწის ნაკვეთით.

სამხედრო, რომელსაც მსახურის 20-წლიანი სტაჟი ჰქონდა, თავისუფალ დროს მიწაზე მუშაობდა და, როგორც მეზობლები ჰყვებიან, მათაც ხშირად ეხმარებოდა. მეზობლების თქმით, სამხედრო მათ ბოლოს სოფელში რამდენიმე დღის წინ ნახეს.

“...დასვენების დღეებშიც კი მუშაობდა ხოლმე სოფელში, მიწას ამუშავებდა. უცნაური არაფერი შეგვიმჩნევია… სოფელში ყველას უყვარდა, ყველა შოკში ვართ”, – ამბობს ახალშენის ერთ-ერთი მცხოვრები.

კაპრალის თანასოფლელები ჰყვებიან, რომ ირაკლი აფრიამაშვილი მარტო ცხოვრობდა, თუმცა რახან უჩვეულო არაფერი შეუმჩნევიათ მის ქცევაში და არც თავად გაუმახვილებია ყურადღება რაიმე პრობლემაზე, უჭირთ იმის დაჯერება, რომ თავი მოიკლა.

იმავეს ამბობენ სამხედროს ნათესავებიც, რომლებიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილს ახალციხეში გლოვებენ. სამხედრო მშობლების სახლში, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან დღეს დილით გადაასვენეს.

“რა მოხდა, არ ვიცით... გარდაცვალების წინა დღეს ჩემს ბიძაშვილს თავის გეგმებზე ელაპარაკებოდა - თვითმკვლელობას თუ აპირებდა, ასე ვინ იქცევა?!” - ამბობს ირაკლი აფრიამაშვილის ბიძაშვილი.

“ისეთი ადამიანი იყო, მხიარული, ლაღი, ხალისიანი - ასეთ მდგომარეობაში თავს ვინ იკლავს?! თვითმკვლელობის ვერსიას არც კი განვიხილავთ”, - განაგრძობს ოჯახის ახლო ნათესავი.

“ვიდეოთვალით დაურეკა ნათლიამისს და აჩვენებდა, რომ დავბერდები, კიტრს და პამიდორს მოვუვლი და ვიქნები ჩემთვისო. რაც შემიძლია, ჩემს შვილს გავუკეთებ ყველაფერს და მერე სოფელში ვიფუსფუსებ სიბერეშიო. თვითმკვლელობა გამორიცხულია, ალბათ მოკლეს და მერე მიიყვანეს მანდ ან თავი მოაკვლევინეს. ამ ბოლოს ხომ ხედავთ, როგორ გახშირებულია ჯარისკაცების თვითმკვლელობები“, - ამბობს კაპრალის ერთ-ერთი მეზობელი ახალციხეში.

გამოძიება სწორედ თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

დაღუპულის ცხედარს ექსპერტიზა 11 იანვარს ჩაუტარდა. პასუხები ჯერ არ არის ცნობილი. 41 წლის ირაკლი აფრიამაშვილს 16 იანვარს ახალციხეში დაკრძალავენ. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG