Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ს ირანთან კერძო კომუნიკაცია ჰქონდა ჰუთების საკითხზე


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონმა კერძო მესიჯი გაუგზავნა თეირანს იემენში განთავსებული, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეების საკითხზე, რომლებიც წითელ ზღვაში თავს ესხმიან საერთაშორისო ხომალდებს.

მესიჯი "ჩვენ კერძოდ ჩავიტანეთ, თავდაჯერებული ვართ და მომზადებული" - უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში 13 იანვარს, რამდენიმე საათში მას მერე, რაც აშშ-მა და სხვა ძალებმა მეორე დარტყმა განახორციელეს იემენში ჰუთების ობიექტებზე.

კერძო ფორმით გადაცემული მესიჯის შესახებ დეტალები დაკონკრეტებული არ არის.

აშშ-სა და ირანს შორის არ მოქმედებს ოფიციალური დიპლომატიური კავშირები და 1979 წლიდან ორ ქვეყანას შორის საქმეებს როგორც წესი აგვარებს თეირანში განთავსებული შვეიცარიის საელჩო.

ჰუთი მეამბოხეები - რომელთა მხრიდან ისრაელთან დაკავშირებულ და სხვა კომერციულ ხომალდებზე თავდასხმებმაც გამოიწვია იემენში ჰუტების ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები აშშ-ის და მისი მოკავშირეების მხრიდან - გამოდიან "ძლიერი" პასუხის გაცემის მუქარით.

ეს მუქარა ზრდის შეშფოთებას რეგიონში კონფლიქტის გაფართოების შესახებ ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებული ომის ფონზე, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის წინააღმდეგ - რომელსაც, ჰუთების მსგავსად, ირანი უჭერს მხარს.

გაეროში რუსეთმაც განაცხადა, რომ დასავლეთის ნაბიჯები ქმნის საშიში ესკალაციის საფრთხეს.

"ამ ახალ თავდასხმას გაეცემა მყარი, ძლიერი და ეფექტიანი პასუხი" - ჰუთების პრესმდივნის, ნასრულდინ ამერის ამ სიტყვებს 13 იანვარს ავრცელებს ტელეკომპანია AlJazeera. პრესმდივანი ამბობს, რომ დარტყმების მეორე ტალღას არ მოჰყოლია მსხვერპლი ან "მატერიალური ზიანი".

მანამდე აშშ-ის არმიამ ორ დღეში მეორედ განახორციელა დარტყმები იემენში ჰუთების ობიექტებზე, წინა დღით ათობით შეტევა განახორციელეს აშშ-მა და ბრიტანეთმა.

აშშ აცხადებს, რომ რეგიონში კონფლიქტი არ სურს, თუმცა ჰუთებს აფრთხილებს, რომ არ მოითმენს მნიშვნელოვან საერთაშორისო სავაჭრო გზებზე გაგრძელებულ ძალადობრივ წყვეტებს.

XS
SM
MD
LG