Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკანდალი რუსეთში წინასაახალწლოდ


ავტორი: ესმა გუმბერიძე

ამ წინასაახალწლოდ ჩვენს ყოფილ მეტროპოლია (კოლონიზატორი ქვეყანა) რუსეთში საგულისხმო სკანდალი მოხდა. ერთმა ფრიად მდიდარმა ქალმა, წინა წლების მსგავსად მოაწყო ღონისძიება, სადაც სტუმრები მაქსიმალურად შიშველები უნდა მისულიყვნენ. მოიყარა იქ თავი სრულიად მოსკოვისა და რუსეთის ოლიგარქობამ, მათმა საახლობლომ, რეჟიმის სხვადასხვა ჯურის გამპრავებელმა შოუ ბიზნესის წარმომადგენლებმა და მისთ. ეჯიბრებოდა ერთმანეთს სიშიშვლეში ამ კონსერვატიზმისა და "ოჯახური ღირებულებების" გზაზე შემდგარი ქვეყნის ელიტა. ივენთიდან ვიდეოები მოეფინა, რა თქმა უნდა, ინტერნეტს და ჰოი, საოცრებავ, წინა წლებისგან განსხვავებით ორგანიზატორების მიმართ წამოვიდა ტალახის ჭავლი. ჯერ რამდენიმე სამხედრომ და "Z" პატრიოტებმა (უკრაინის წინააღმდეგ ომის მომხრეები) ისროლეს ქვები, აქაოდა ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიან და ესენი ღრეობენ. მაგრამ მალევე ამას მოყვა სახელმწიფო რეპრესიული მანქანის ამოქმედება. ფილიპ კერკოროვი მოხსნეს საახალწლო ღონისძიებებიდან. მას მიაყოლეს სხვა ბევრიც. შეკრების ორგანიზატორსაც და კლუბსაც, სადაც ის გაიმართა მალევე მიუსიეს პოლიცია, საგადასახადო, დააჯარიმეს, დაიწყეს სისხლის სამართლებრივი ძიება. სეირის შემდეგ ნამდვილი სეირი დაიწყო: იმ საღამოს იქ მყოფთაგან ყველაზე თვალსაჩინოებს საჯაროდ ბოდიში მოახდევინეს. მოუწიათ კამერების წინ, მათ შორის ცრემლების ღვრაც კი. ზოგი თავს იმართლებდა, არ ვიცოდი, სად მივდიოდიო; ზოგი ამბობდა, თუ გინდათ, ჩამქოლეთ, ვაღიარებ დანაშაულსო. ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა, ეგრევე მოუწოდა, ჩადენილი მის სპეცრაზმელთა გადამზადების სკოლაში გამოისყიდონ.

ახლა რატომ არის ეს ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებში“ მოთხრობილი სანქტ-პეტერბურგში მდებარე იზლერის ბაღის იდეასთან ახლოს მყოფი ამბავი ასეთი საგულისხმო? 1. არავის ეგონოს, რომ დიქტატურა მხოლოდ პოლიტიკისა და ეკონომიკის რეგულირებაზე გაჩერდება. ის აუცილებლად ჩაერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში. ეს მხოლოდ დროის ამბავია. გააკონტროლებენ, ვინ, როდის უნდა ჩაიცვას და გაიხადოს, როგორ გაიცინოს და იგლოვოს, რა იზეიმოს. ოღონდ ისე არ გაიგოთ, თითქოს მართლა „პატიოსნება“ და „სისპეტაკე“ დაისადგურებს. ზემოაღწერილ მოსკოვურ საღამოზე ბევრად უფრო თამამი თუ ბინძური ყრილობა-ორგიებიც გაუმართავთ რუს ოლიგარქებს, ოღონდ ისინი რეჟიმთან იყვნენ დაახლოვებულნი, რეჟიმს ისინი ჭირდება, შესაბამისად არავის მოკითხვია პასუხი. ყურებით კი ყველა ეყოლებათ დაჭერილი. ამ შემთხვევაში იმოქმედებს იმ ცნობილი არაკის პრინციპი, მხეცთა მეფე ლომმა რომ ყველას აუკრძალა წყალთან მისვლა და რომ კითხეს, კი მაგრამ უწყლოდ ხომ ყველანი ამოვიხოცებითო, ასე უთხრა, ვინც ჩვენიანი იქნება, მის წყლის დალევაზე თვალს დავხუჭავთ და ვინც არ იქნება, დავსჯითო. 2. მიაკითხავენ ყველას, მათ შორის მდიდრებს, ცნობადებს, "ყველასთვის საყვარლებს", გავლენიანებს, ავტორიტეტულებს, თუ ასე დაჭირდა სახელმწიფო მანქანას. 3. დიქტატურას აუცილებლად ჭირდება ხალხისთვის გადასაყრელი საკენკი. სწორედ ასეთი აღმოჩნდა 2023-ის დამლევს მოსკოვური ბომონდი. პუტინის რეჟიმმა მათი დაწიოკებით უბრალო ხალხის შური გამოკვება. ხალხს ერთისმხრივ კი უყვარს შოუ ბიზნესის ვარსკვლავები, მაგრამ მეორესმხრივ შურს კიდეც მათი სიმდიდრისა. შესაბამისად უამრავს გაუხარდა რუბლიოვკის ამ მილიონერების დაფრენა, რომლებსაც არც ომში გაწვევა შეეხოთ, არც გაღარიბებამ შეაწუხათ. საღამოს დამსწრეთა საჯარო დამცირებით, გაუქმებით, კონცერტებიდან ჩახსნით, სამართლებრივი დევნით რეჟიმმა ძვალი გადაუგდო კონსერვატორებსაც, რომ აი "გარყვნილებას, თავაშვებულობას ვებრძვით". 4. პუტინი ამ სკანდალს მონაწილე მდიდრებისგან ომისთვის საჭირო ფულის ამოტყავების საბაბადაც გამოიყენებს, დიდი ალბათობით. 5. არავის უნდა ეგონოს, რომ დიქტატურის პირობებში შეძლებს პოლიტიკისგან თავის შორს დაჭერას. თუ პოლიტიკას გაექცევი, ის აუცილებლად გამოგეკიდება და გიპოვის. ის, რომ გაჩუმდები, არ გააპროტესტებ, რეჟიმისთვის საკმარისი არ იქნება. ის აუცილებლად მოგთხოვს ჯერ ღია მხარდაჭერას, შემდეგ კი მოწინააღმდეგეთა ან მდუმარეთა დამარხვაში მონაწილეობასაც. რუსეთის ხელისუფლებამ ეს სელებრითები ძალიან კონკრეტული არჩევანის წინაშე დააყენა: ან დროზე გაიქცნენ ქვეყნიდან (და უცხოეთში ბევრ მათგანს უკრაინის წინააღმდეგ ომის აქამდე გამოხატული მხარდაჭერის გამო მაინცდამაინც ხელგაშლილად არ შეხვდებიან) ანკიდევ დანაშაული ფრონტზე წასვლითა და მსუყე შემოწირულობებით გამოისყიდონ. ფრონტზე კი გასაგები მიზეზების გამო უსაფრთხოდ ვერავინ იქნება. ასე მაგალითად 2022 წლის შემოდგომაზე, როცა რუსებს ჯერკიდევ ეკავათ ხერსონი, გავრცელდა ინფორმაცია იქ მებრძოლებისთვის საჭირო ნივთების ჩასატანად და გასართობად ჩასულ მომღერალ-მსახიობებზე თავდასხმისა და რამდენიმე მათგანის მკვლელობის შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG