Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მზადაა, თეირანთან „დიდ ხელშეკრულებას“ მოაწეროს ხელი


რუსეთისა და ირანის თავდაცვის მინისტრები სერგეი შოიგუ (მარცხნივ) და მოჰამად აშტიანი. თეირანი, 20 სექტემბერი, 2023.
რუსეთისა და ირანის თავდაცვის მინისტრები სერგეი შოიგუ (მარცხნივ) და მოჰამად აშტიანი. თეირანი, 20 სექტემბერი, 2023.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის ხელი მოაწეროს „დიდ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას“ თეირანთან. ამის შესახებ სამინისტრომ განაცხადა ორი ქვეყნის მინისტრების, სერგეი შოიგუსა და მოჰამად აშტიანის სატელეფონო საუბრის შემდეგ.

რუსეთის მხარის თანახმად, მინისტრებმა განიხილეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

„მხარეებმა აღნიშნეს რუსეთ-ირანის ურთიერთობების ფუძემდებელი პრინციპებისადმი ერთგულება, მათ შორის - ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო პატივისცემა“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

ირანი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან, რომლებიც კვლავაც განაგრძობენ მოსკოვთან კონტაქტს უკრაინასთან მიმდინარე ომის ფონზე. დასავლეთის ქვეყნები თეირანს ბრალად სდებენ, რომ ის რუსეთის არმიას აწვდის იარაღს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებისთვის გამოყენება. რუსეთი და ირანი ყველა ბრალდებას უარყოფენ.

ამასთან, რუსეთი ირანის ეკონომიკაში უმსხვილეს ინვესტორად ითვლება. ირანის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, შარშან უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. აქედან ორი მესამედი რუსეთზე მოდიოდა.

გასული წლის ბოლოს რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მოსკოვში ხელი მოაწერეს დეკლარაციას სანქციების ნეგატიური შედეგების წინ აღდგომისა და კომპენსირების შესახებ.

ირანს უკვე 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 1979 წლის ისლამური რევოლუციიდან მოყოლებული, აქვს დაწესებული საერთაშორისო სანქციები.

შარშან თებერვლამდე თეირანი მსოფლიო ლიდერი იყო ადამიანებისა და კომპანიების რიცხვით, რომლებსაც შეზღუდვები შეეხო. Castellum.AI-ის ანალიტიკოსების დაანგარიშებით, 2022 წლის 22 თებერვლის მონაცემებით, ირანის წინააღმდეგ შემოღებული იყო 3600-ზე მეტი სანქცია, რუსეთის წინააღმდეგ - თითქმის 2700.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მსოფლიო ლიდერი გახდა რუსეთი. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე პერიოდში რუსეთს 15200 სანქცია დაუწესეს, ირანს - ათასზე ოდნავ მეტი.

XS
SM
MD
LG