Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე GDI-მ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა


ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე თავდასხმის დღეს. 27 ივნისი, 2023 წელი
ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე თავდასხმის დღეს. 27 ივნისი, 2023 წელი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" (GDI) ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში წარმოებული გამოძიება არ ყოფილა ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური.

"საქმე დახურა და 2023 წლის 12 სექტემბერს გადაიგზავნა სასამართლოში ისე, რომ საქმეში მონაწილე ყველა შესაძლო დამნაშავის იდენტიფიცირება და დასჯა არ მომხდარა. საგამოძიებო ორგანოს არ ამოუღია ყველა ვიდეო კამერის ჩანაწერი, არ დაუკითხავს ყველა მოწმე, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. დანაშაულის კვალიფიკაცია იყო არასწორი და ნაცვლად ჯგუფურად, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი არაადამიანური მოპყრობისა, დაკვალიფიცირებული იყო სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა). დაზარალებულს, მისი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, არ მიაწოდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა მტკიცებულება (ვიდეო-მასალები)", - წერია GDI-ის განცხადებაში. მათივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივარი შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა, მატერიალური და პროცედურული ნაწილი) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში და მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევას.

ორგანიზაციის ცნობითვე, მომჩივანი დავობს, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაული, სავარაუდოდ, სახელმწიფოს მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული, "ამიტომ მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა".

"მიხეილ მშვილდაძის მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება და არ დასჯილან დამნაშავეები. გამოძიებას არ გამოუვლენია პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციული ნიშანი. მომჩივანი დავობს გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზეც, ვინაიდან არის ჟურნალისტი და სახელმწიფოს ეკრძალება ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების მსგავსი ფორმით შეზღუდვა, ამასთან სახელმწიფოს ევალებოდა გამოეძიებინა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები".

ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს თბილისში, 2023 წლის 27 ივნისს დაესხნენ თავს. ამ საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი მომდევნო დღეს, 28 ივნისს, დააკავა ძალადობის მუხლით. იგი ნიკოლოზ გუგეშაშვილია, ვისი სახელითაც ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ მან სცემა მიშა მშვილდაძეს. ფეისბუკანგარიშზე, სადაც ეს "აღიარებითი ჩვენება" 28 ივნისს დაიდო, საჯაროდ მხოლოდ ეს ერთი სტატუსი იძებნება. გვერდისა და პიროვნების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

ნიკოლოზ გუგეშაშვილმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსში მონიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაწერა, რომ არ აპირებს მიმალვას და ძალადობის ფაქტის დამალვას. აქვე მან განმარტა, რომ მიშა მშვილდაძე სამიზნედ აირჩია მისი საჯარო განცხადებების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გამო.

XS
SM
MD
LG