Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებები იყო, მერმა საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა


ფოტო არქივიდან. დრონის აფეთქებით დაზიანებული სახლი ვორონეჟში. 2023 წლის 9 ივნისი
ფოტო არქივიდან. დრონის აფეთქებით დაზიანებული სახლი ვორონეჟში. 2023 წლის 9 ივნისი

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხედროებმა დრონებით შეტევა მოიგერიეს.

ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის თანახმად, გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა დააზიანა რამდენიმე სახლი. გუსევის ცნობითვე, დაშავდა მოზარდი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. სახლების დაზიანების და ხანძრების შესახებ იუწყებოდნენ რუსული ტელეგრამ-არხები Baza და Mash-ი.

ვორონეჟში „საგანგებო სიტუაციის რეჟიმი“ გამოაცხადეს. ქალაქის მერმა ვადიმ კსტენინმა მიზეზად დაასახელა ზარალის სწრაფად აღწერის და გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების აუცილებლობა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 3 მრავალსართულიან სახლში დაზიანებულია 35 ბინა.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვორონეჟის ოლქის თავზე „გაანადგურეს" 5 და „გზად დაიჭირეს" 3 „უკრაინული“ უპილოტო საფრენი აპარატი და „კიევის რეჟიმის“ მხრიდან „ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს“. უკრაინას ვორონეჟზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ქალაქ ვორონეჟის რაიონ სოვეტსკიში, სადაც დრონებით შეტევა იყო, მდებარეობს სამხედრო აეროდრომი „ბალტიმორი". უკრაინული წყაროების თანახმად, რუსეთის არმია ამ აეროდრომს იყენებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.

უკრაინის ლუგანსკის ოლქთან მოსაზღვრე ვორონეჟის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი იერიში იყო 2023 წელსაც.

XS
SM
MD
LG