სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ დააპატიმრა 67 წლის დაღესტნელი კაცი სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც უკავშირდება უცხო ქვეყანასთან საიდუმლო თანამშრომლობას - ამ ცნობას ავრცელებს ქალაქის სასამართლოების პრესსამსახური.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა, რომლის გვარსაც არ ასახელებენ, მიმართა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს და "შეატყობინა თავის გეგმაზე, უკრაინის მხარისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია და განეხორციელებინა კონკრეტული ქმედებები, რომლებმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის საომარ მარცხს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
პრესსამსახურის თქმით, "ეფესბეს" თანამშრომლებმა "ყველაფერი მალე შეიტყვეს", თუმცა განცხადებაში დაზუსტებული არ არის, ეს როგორ მოხდა. ამის შემდეგ შეხვედრები და მიმოწერა სპეცსამსახურების თვალთვალით მიმდინარეობდა.
დაკავების შემდეგ ბრალდებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. სასამართლომ ის 11 მარტამდე დააპატიმრა.
2023 წელს რუსეთში სულ მცირე 148 მოქალაქეს დასდეს ბრალი სახელმწიფო ღალატის, ჯაშუშობისა და უცხოელებთან საიდუმლო თანამშრომლობის მუხლებით. უფლებადამცველები თვლიან, რომ რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია და რომ ამ მუხლებით დევნა გაძლიერდება 2024 წელს.