Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია პირველი მაისიდან გაიზრდება


შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ განმარტავს, რომ ცვლილება საკანონმდებლო განხილვების დასრულების შემდეგ, 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

კერძოდ, შსს განმარტავს, რომ კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560-ლარიანი ლიმიტის ნაცვლად, იქნება 1000 ლარი.

"სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, პოლიციის კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას დაღუპულ პოლიციელთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა ფულადი დახმარება 100 ათასი ლარი. ხოლო, პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის, დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

გარდა ამისა, სამინისტრო განმარტავს, რომ იზრდება პენსიის (კომპენსაცია) გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები შემდეგი პრინციპით:

"პენსიისთვის განსაზღვრულ არსებულ თანხას დაემატება

  • უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (რიგითი-ზემდეგი) – 5 ლარი, ნაცვლად 2 ლარისა;
  • საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირი (უმცროსი ლეიტენანტი - კაპიტანი) - 10 ლარი, ნაცვლად 5 ლარისა;
  • უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (მაიორი - პოლკოვნიკი) − 15 ლარი, ნაცვლად 10 ლარისა;
  • უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირი (გენერალ-მაიორი - გენერალ-პოლკოვნიკი) – 25 ლარი, ნაცვლად 15 ლარისა".

ცვლილების შემდეგ დაგეგმილია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშების ოდენობის ზრდაც.

გუშინ 15 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში რადიო თავისუფლება წერდა, რომ ყოფილ ძალოვნებს პენსია 2024 წლის პირველი იანვრიდან არ გაეზარდათ. ამაზე საუბრობდნენ ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლები.

2023 წლის 3 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრისას თქვა, რომ 2024 წელს ძალოვანი უწყებების თანამშრომლების პენსიის ზედა ზღვარი 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდებოდა.

„...ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურები ანუ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. 560 ლარი იყო პენსიის მაქსიმალური ზღვარი და 1000 ლარამდე გაიზრდება. ასევე, საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. გვინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც, ეტაპობრივად, ყოველ წელს, გვინდა, შემოსავლის მიხედვით გაიზარდოს“, - თქვა ღარიბაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია თარიღი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, შარშან 22 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა კომპენსაციებსა და აკადემიურ სტიპენდიებს. მათ შორის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოების, სამოქალაქო ავიაციის, სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომლები, ომის ვეტერანები და მარჩენალდაკარგულები.

XS
SM
MD
LG