Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია დარჩიაშვილი დავოსში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


დავოსი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი
დავოსი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დავოსში შეხვდა ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს „საქართველოსა და ირანს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს".

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებისა და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური პოტენციალი.

ოფიციალური ცნობით, საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს.

17 იანვარს ილია დარჩიაშვილი დავოსში ასევე შეხვდა ნიდერლანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰანკე ბრუინს სლოტს. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპის საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დამატებით სტიმულს აძლევს ქვეყანას რეფორმების გასაგრძელებლად, ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ აღნიშნული მიმართულებით და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესისთვის", - იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს. ღარიბაშვილი დაესწრო არაფორმალურ ლანჩს სახელწოდებით: „გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა". ღონისძიების მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე. მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

XS
SM
MD
LG