Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელი კოზი კვირაზე მეტია გარესამყაროს არის მოწყვეტილი


ცხინვალის რეგიონის მაღალმთიან სოფელ კოზისკენ მიმავალი გზა
ცხინვალის რეგიონის მაღალმთიან სოფელ კოზისკენ მიმავალი გზა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მაღალმთიანი სოფელი კოზი კვირაზე მეტია გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ამის მიზეზი დიდთოვლობა და ტექნიკის უქონლობაა. ადგილობრივი კომუნალური სამსახური სოფლისკენ მიმავალი გზის გაწმენდას აქამდე ვერ ახერხებდა. ამის შესახებ კვაისას საბინაო-კომუნალური სამსახურის უფროსმა ვლადიკ კაჩმაზოვმა განუცხადა ცხინვალელ ჟურნალისტებს.

„ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას ამ გზაზე. სოფელთან კომუნიკაცია ბოლო უხვი ნალექის მოსვლის შემდეგ შეფერხდა. ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთი ტრაქტორი, რომელიც ჩართული იყო მიმდებარე სოფლების გზების გაწმენდაში, ამიტომ ამ დრომდე კოზის მიმართულებით მისი გაგზავნა ვერ მოხერხდა“, - განმარტა კაჩმაზოვმა.

მან აღნიშნა, რომ სოფლის მიმართულებით გზის გაწმენდა მხოლოდ დღეს დაიწყო და კიდევ ორი დღე იქნება საჭირო, რომ გზა მთლიანად გაიწმინდოს და კოზთან კომუნიკაცია აღდგეს. კაჩმაზოვმა ისიც თქვა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, იქ მცხოვრებ მოქალაქეებთან კავშირს ინარჩუნებდა და მათგან იცის, რომ უკვე გაუთავდათ საკვები პროდუქტები, რომლებსაც დაახლოებით ორ დღეში, გზის გაწმენდისთანავე მიაწვდიან. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, განსაკუთრებით მთიან ზონაში, ბოლო კვირის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა, რამაც გზებზე პრობლემები შექმნა.

გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლების განკარგულებაში არსებული მძიმე ტექნიკა ან მოძველებულია, ან მწყობრიდან არის გამოსული. განსაკუთრებით უჭირთ რაიონებში, სადაც თითო-ოროლა ტრაქტორი თუ მოიძებნება. უხვი ნალექის დროს კი არასაკმარისი და დაზიანებული ტექნიკის გამო გზები დროულად ვერ იწმინდება.

XS
SM
MD
LG