Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: ამჟამად შეუძლებელია რუსეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ლაპარაკი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მოსკოვი, 16 ნოემბერი, 2023.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მოსკოვი, 16 ნოემბერი, 2023.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული ვითარების გაუთვალისწინებლად ამჟამად შეუძლებელია რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის განხილვა.

„ამ პერსპექტივების შესახებ ზრდასრული ადამიანებივით სერიოზულად ლაპარაკი შეუძლებელია საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში ზოგადი მდგომარეობისგან, ამავე სტრატეგიული სტაბილურობის სფეროსგან მოწყვეტით“, - თქვა მან შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთ-ამერიკის დიალოგს სტრატეგიული სტაბილურობის სფეროში.

ლავროვმა დასავლეთს, განსაკუთრებით აშშ-ს, ბრალი დასდო „ბოროტი განზრახვით“ ისეთი კურსის წარმოებაში, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრისკენაა მიმართული.

როგორც ლავროვი ფიქრობს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არასოდეს დამუქრებია დასავლეთს ბირთვული იარაღით.

„ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ პუტინი ბირთვული ბომბით იმუქრება, თუმცა ასეთი რამ არასოდეს წარმოთქმულა განსხვავებით ევროპელებისა და ამერიკელებისგან. იგივე გერმანელები ამბობდნენ, რომ ჩვენც, ჩრდილოატლანტიკურ კავშირსაც, გვაქვს ბირთვული იარაღი. ინგლისელებმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, ღილაკს ორჭოფობის გარეშე დავაჭერო. ნუ გვაშინებენ. საჭიროა ჩერჩილის უფრო ხშირად კითხვა, მას აქვს აფორიზმი რუსულ დათვზე და იმაზე, როგორ უნდა მოექცე მას“, - თქვა ლავროვმა.

როგორც BBC შენიშნავს, უკრაინაში კონფლიქტის განმავლობაში, რომელიც თითქმის ორი წელია მიმდინარეობს, პუტინმა არაერთხელ ახსენა ბირთვული იარაღი, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი მხოლოდ ერთხელ გადადგა, როცა გამოაცხადა შემტევი სტრატეგიული შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე.

XS
SM
MD
LG