Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალდებამ იგორ სტრელკოვისთვის თითქმის 5 წლით პატიმრობა მოითხოვა


იგორ სტრელკოვი (გირკინი) სასამართლოში. მოსკოვი, 21 ივლისი, 2023.
იგორ სტრელკოვი (გირკინი) სასამართლოში. მოსკოვი, 21 ივლისი, 2023.

ბრალდებამ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის („დსრ“) სეპარატისტთა ყოფილი მეთაურისა და ფსბ-ს თადარიგის პოლკოვნიკის, იგორ სტრელკოვისთვის (გირკინისთვის) 4 წლითა და 11 თვით საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მოითხოვა ექსტრემიზმისკენ მოწოდებების საქმესთან დაკავშირებით. ამის შესახებ სტრელკოვის ტელეგრამის არხი იტყობინება მის ადვოკატზე დაყრდნობით. საქმეს მოსკოვის ბოგოროდსკის სასამართლო განიხილავს დახურულ რეჟიმში.

როგორც აღნიშნავენ, მოთხოვნილი ვადა ახლოსაა სტრელკოვისთვის წაყენებული მუხლით გათვალისწინებულ მაქსიმალურ სასჯელთან - ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთასთან.

იგორ სტრელკოვი, რომელიც რადიკალური ანტიუკრაინული პოზიციიდან აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში, შარშან ივლისში დააკავეს. მას შემდეგ ის მოსკოვში იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. იტყობინებიან, რომ ექსტრემიზმისკენ მოწოდებებში ის დაადანაშაულეს ტელეგრამის არხზე გაკეთებული ორი ჩანაწერისთვის. ერთ-ერთი შეიცავს ფრაზას „ამისთვის დახვრეტაც კი არ არის საკმარისი“. საქმე ეხებოდა სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც, სტრელკოვის აზრით, ხელს უშლიან ომის მონაწილეთათვის ფულის გადახდას. გამოძიებამ ამ გამონათქვამებში ექსტრემიზმისკენ მოწოდება დაინახა. სტრელკოვი დანაშაულს არ აღიარებს.

ციხეში ყოფნის პერიოდში სტრელკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატობას აპირებდა, მაგრამ მისმა მომხრეებმა ვერ შეძლეს მისი კანდიდატურის წამოყენებისთვის საჭირო კრების ჩატარება ყველა პროცედურის დაცვით. როგორც იტყობინებიან, არცერთი ნოტარიუსი არ დათანხმდა მასში მონაწილეობას.

2014 წელს სტრელკოვი მეთაურობდა რუსეთის მოქალაქეების რაზმს, რომელმაც ადგილობრივი სეპარატისტების მხარდაჭერით უკრაინაში ხელში ჩაიგდო დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი. იმ მომენტიდან ფაქტობრივად დაიწყო სამხედრო მოქმედებები დონბასში. შემდგომ რუსეთის ხელისუფლება მას შემოსწყრა. სტრელკოვმა დაიჩივლა, რომ ის 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი არ გაუშვეს ფრონტზე.

2022 წლის ნოემბერში ჰააგაში სასამართლომ სტრელკოვს დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 2014 წელს დონბასის თავზე მალაიზიის „ბოინგის“ ჩამოგდებაში, რომლის შედეგადაც მასში მყოფი 300-მდე ადამიანი დაიღუპა. სტრელკოვი უარყოფდა ბრალდებას და იმეორებდა ფრაზას, რომ „ბოინგი“ მოხალისეებს არ ჩამოუგდიათ. ამავე დროს მას არ უთქვამს, მისი აზრით, ვინ ჩამოაგდო თვითმფრინავი. სასამართლომ დაადგინა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს სარაკეტო დანადგარი „ბუკით“, რომელიც რუსეთის არმიას ეკუთვნოდა. ოფიციალური მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG