Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: უკრაინის დაფინანსებაზე რესპუბლიკელების დასათანხმებლად დემოკრატები დათმობაზე წავლენ


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი, 4 ოქტომბერი, 2023.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი, 4 ოქტომბერი, 2023.

როგორც ამერიკული გაზეთი Wall Street Journal-ი წერს ხუთშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და კონგრესში მისი თანაპარტიელი დემოკრატები მზად არიან, დათმობაზე წავიდნენ სამხრეთის საზღვრების გავლით იმიგრაციის შეზღუდვის საკითხში, რათა რესპუბლიკელები დაითანხმონ, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის, ასევე ისრაელისა და ტაივანისთვის, მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტს.

გაზეთის თანახმად, სენატში მზადდება კანონპროექტი, რომელიც იმიგრანტებს შეუზღუდავს თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობებს.

იმის თაობაზე, რომ იმიგრაციისა და დახმარების პაკეტის საკითხებში დემოკრატები და რესპუბლიკელები გარკვეულ კომპრომისებზე თანხმდებიან, მთელი უკანასკნელი კვირების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია.

ოთხშაბათს ბაიდენმა თეთრ სახლში შეხვედრა გამართა კონგრესის ორივე პალატის რესპუბლიკური და დემოკრატიული ფრაქციების ლიდერებთან. შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა მხოლოდ განაცხადა, რომ ბაიდენი იმედიანადაა განწყობილი რესპუბლიკელებთან შეხვედრის შემდეგ.

უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტის, ასევე სამხრეთის საზღვრის გამაგრების ასიგნებების მოცულობა 100 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. ამასთან უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარია განკუთვნილი.

ჯო ბაიდენმა ეს წინადადება კონგრესში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შეიტანა. რესპუბლიკელებმა უარი თქვეს ამ საკითხის კენჭისყრაზე გატანაზე, სანამ დემოკრატები იმიგრაციის საკითხში არ წავიდოდნენ დათმობაზე.

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას ყველაზე დიდი, 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუწია.

XS
SM
MD
LG