Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

УП: უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსეთში დრონებით შეუტია კიდევ ორ ობიექტს


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის სადაზვერვო ჯგუფის სამხედრო ხელმძღვანელობს უპილოტო საფრენი აპარატის მართვას.
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის სადაზვერვო ჯგუფის სამხედრო ხელმძღვანელობს უპილოტო საფრენი აპარატის მართვას.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ უკრაინული დრონებით მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ (УП) წერს უკრაინის სპეცსამსახურების ინფორმირებულ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, დღეს, 19 იანვარს, დრონებით შეუტიეს რუსეთის ქალაქ ტამბოვში მდებარე დენთის ქარხანას და ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზას. უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლის თანახმად, ტამბოვის ქარხანაზე დარტყმის შედეგები დაზუსტების ეტაპზეა, კლინცის ობიექტი კი, მნიშვნელოვნად დააზიანეს.

გამოცემის წყაროს თქმით, პუტინმა რადიოელექტრონული ბრძოლის და საჰაერო თავდაცვის ყველაზე მეტ საშუალებას თავი მოუყარა უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში და არა რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ობიექტების „დამუშავებას“ მომავალშიც გააგრძელებენ.

რუსეთის ხელისუფლებას ტამბოვზე დრონით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, განსხვავებით კლინცისგან.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის ინფორმაციით, ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რასაც წინ უძღოდა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა. ბრიანსკის ოლქზე დრონით შეტევის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.

უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე კლინციში ხანძრის მასშტაბურობას ადასტურებს „მოსკოვის რკინიგზის“ მიერ ტელეგრამით გავრცელებული ცნობა, რომ ქალაქის ნავთობის ბაზაზე, რეზერვუარებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად გაგზავნა სახანძრო მატარებელი 120 ტონა წყლით და 5 ტონა ქაფით. ბრიანსკის ოლქის ქალაქი კლინცი მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთით, 550 კილომეტრში მდებარეობს.

18 იანვარს როგორც უკრაინული, ისე რუსული წყაროებით გავრცელდა ცნობები, რომ უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა იყო „პეტერბურგის ნავთობის ტერმინალის“ ტერიტორიაზე.

უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენელმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ აცნობა, რომ ეს იყო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაცია და შეტევა განხორციელდა „თანამედროვე უკრაინული საშუალებებით“. მოგვიანებით ეს დაადასტურა უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG