Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ჯერ ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზაციის აუცილებლობას


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 4 ნოემბერი, 2023.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 4 ნოემბერი, 2023.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის ტელეარხ Channel 4-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს ფრონტზე დამატებით ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზების აუცილებლობას.

„ჯერჯერობით ვერ დავინახე საკმარისი რაოდენობის გასაგები დეტალი, რათა ვთქვა, რომ ნახევარი მილიონის მობილიზაციაა საჭირო“, - თქვა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ ასეთი პოზიცია არ არის იმასთან დაკავშირებული, რომ მას „ახლა სურს, ვიღაცას მოაწონოს თავი“. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა ფინანსურ მხარეზეც. მისი სიტყვებით, რომლებიც მოჰყავს RBC Ukraine-ს, მობილიზაციის უზრუნველსაყოფად პარტნიორები სახსრებს არ იძლევიან.

დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გენერალურმა შტაბმა მას 450-500 უკრაინელის მობილიზაცია სთხოვა. ახალი მობილიზაციის აუცილებლობის შესახებ ილაპარაკა ასევე უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილო ბუდანოვმა. „იმის გაფიქრებაც კი შეუძლებელია, რომ მობილიზაციის გარეშე შევძლებთ ფონს გასვლას. უკმარისობა საგრძნობია“, - მოჰყავს BBC-ს ბუდანოვის სიტყვები Financial Times-ისთვის მიცემული მისი ინტერვიუდან.

დეკემბრის ბოლო დეკადაში უკრაინის მთავრობამ ვერხოვნა რადაში შეიტანა კანონპროექტი მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის სრულყოფის შესახებ. დოკუმენტის ახსნა-განმარტებიდან ჩანს, რომ, სხვათა შორის, ქვეყანაში გაწვევის მაქსიმალური ასაკი 27 წლიდან 25-მდე შემცირდება. ამ ასაკის შემდეგ მამაკაცები დაექვემდებარებიან არა გაწვევას, არამედ მობილიზაციას.

დოკუმენტმა დავა გამოიწვია პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში და ახლა მიმდინარეობს მისი გადამუშავება.

XS
SM
MD
LG