Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი სამხედროები უარყოფენ დონეცკის ბაზარზე დარტყმასთან კავშირს


დონეცკის ბაზრის ტერიტორიაზე მსხვერპლის გამომწვევი აფეთქებები 21 იანვარს მოხდა
დონეცკის ბაზრის ტერიტორიაზე მსხვერპლის გამომწვევი აფეთქებები 21 იანვარს მოხდა

უკრაინის თავდაცვის ძალების დაჯგუფება „ტავრია“, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე მოქმედებს, უარყოფს, რომ კავშირი აქვს ქალაქ დონეცკის ბაზარზე შეტევასთან.

დაჯგუფებამ სოციალური ქსელებით 21 იანვარს, ღამით გაავრცელა განცხადება, რომ ამ შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები არ უწარმოებია. „ტავრია“ წერს, რომ დონეცკი უკრაინაა და რუსეთს მოუწევს პასუხი აგოს უკრაინელებისთვის სიცოცხლის წართმევაზე.

უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დონეცკის ტექსტილშჩიკის რაიონის ბაზარში აფეთქებები 21 იანვარს, დილით მოხდა. ეს რაიონი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით ათ კილომეტრში მდებარეობს.

რუსეთის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად დანიშნული დენის პუშილინის მტკიცებით, ბაზარ „მერკურიზე“ საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინის არმიამ. პუშილინის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 27 და დაიჭრა 25 ადამიანი. პუშილინმა 22 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

  • უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის ოლქზე კონტროლი დაკარგა 2014 წლიდან, როცა ადგილობრივმა სეპარატისტებმა რუსეთის მხარდაჭერით გამოაცხადეს ე.წ. დამოუკიდებლობა და უკრაინის ამ რეგიონს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ უწოდეს.
  • 2022 წლის სექტემბერში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, რუსეთმა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკა და უკრაინის კიდევ სამი ოლქი: ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე თავის ტერიტორიებად გამოაცხადა. რუსეთი უკრაინის ვერცერთ ამ რეგიონს სრულად ვერ აკონტროლებს და იქ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
XS
SM
MD
LG