Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Axios: ისრაელმა ჰამასს შესთავაზა ცეცხლის ორი თვით შეწყვეტა


ისრაელის არმია ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორს 2023 წლის ოქტომბრიდან ბომბავს
ისრაელის არმია ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორს 2023 წლის ოქტომბრიდან ბომბავს

ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შესთავაზა საბრძოლო მოქმედებების ორი თვით შეწყვეტა და სანაცვლოდ ყველა მძევლის გათავისუფლება. ამის შესახებ ამერიკული ინტერნეტგამოცემა Axios-ი წერს ისრაელის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

ისრაელის მთავრობის წინადადება ჰამასს გადასცეს შუამავალი ეგვიპტის და კატარის წარმომადგენლებმა. ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

ამერიკული გამოცემის წყაროთა თანახმად, შეთანხმების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე უნდა გათავისუფლდნენ ღაზის სექტორში მძევლად მყოფი, 60 წელზე უფროსი ასაკის ქალები და კაცები და მძევლები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემდეგი ეტაპები მოიცავს ყველა სხვა მძევლის, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლებას და ისრაელისთვის გარდაცვლილი მძევლების ცხედრების გადაცემას.

ისრაელის მონაცემებით, ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული 240 ადამიანიდან ღაზის სექტორში, სავარაუდოდ, რჩება 132. მათგან 25 დაღუპულად ითვლება.

  • ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა ამ რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და გაიტაცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 25 000-ზე მეტი ადამიანი.
  • 2023 წლის ნოემბერში მიღწეული ერთკვირიანი ზავისას გათავისუფლდა ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 100-ზე მეტი ადამიანი. სანაცვლოდ ისრაელის საპატიმროებიდან გაათავისუფლეს 240-მდე პალესტინელი.

XS
SM
MD
LG