Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თოვის გამო თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა - შეზღუდვებია გზებზე


თოვლი კახეთში
თოვლი კახეთში

უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთში. თოვის გამო დილიდან თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა. მერმა ლევან ანდრიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იწმინდება ქალაქის შიდა გზები და იშლება ტექნიკური მარილი.

„როგორც კი გზები თოვლისგან გათავისუფლდება, ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს“, - თქვა მერმა.

შეზღუდვები დაწესდა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, სადაც გადაადგილება ამ დროისთვის მხოლოდ ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის არის დაშვებული. გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ენერგომომარაგებაშიც. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" ამბობენ, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში გაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 22 000-მდე აბონენტს.

უამინდობა კახეთში
უამინდობა კახეთში

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გივი მეტრეველის თქმით, გართულებულია მოძრაობა სიღნაღი-წნორის დამაკავშირებელ გზაზეც. მისი ინფორმაციით, შეზღუდვა დღის ბოლომდე მოიხსნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვა კახეთში 24 იანვრამდე შენარჩუნდება, მომდევნო დღეებში კი ძლიერ ყინვებს ვარაუდობენ.

XS
SM
MD
LG