Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სკოლების 64%-ს არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია


ქუთაისის მეორე საჯარო სკოლა. 5 ნოემბერი, 2018 წელი
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლა. 5 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოში სკოლების 59% სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას საჭიროებს, 64%-ს კი არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია არ გააჩნია.

კვლევის შედეგებს სასკოლო ინფრასტრუქტურის შესახებ "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისო ურთიერთობების ცენტრი" აქვეყნებს. ორგანიზაციამ კვლევა მუნიციპალიტეტებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოამზადა, განათლების და მეცნიერების სამინისტროდან და მასზე დაქვემდებარებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან მათ საჯარო ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხეს. სწორედ ეს უკანასკნელი უწყებაა პასუხისმგებელი ახალი სკოლების აშენებაზე, არსებულების განახლებასა და აღჭურვაზე.

კვლევამ აჩვენა, რომ სკოლების შენობების მდგომარეობა და აღჭურვილობა მკვეთრად განსხვავდება რეგიონების მიხედვით:

  • თუკი თბილისში სკოლების 80%-ს აქვს რაიმე სახის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, გურიისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების სკოლების თითქმის 87%-ს არ გააჩნია არც ახალი, არც მოძველებული და არც ვირტუალური ლაბორატორია.
  • თბილისში სკოლების 51% რეაბილიტირებული ან გარემონტებულია მაშინ, როცა სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 12%-ია.
  • ვირტუალური საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით რეალური ლაბორატორიების ჩანაცვლების შესაძლებლობა გამოყენებულია მხოლოდ ორ რეგიონში: სამეგრელო-ზემო სვანეთსა (სკოლების 19%) და კახეთში (სკოლების 13%). სხვა რეგიონების სკოლები ვირტუალური ლაბორატორიების შესაძლებლობებით თითქმის არ სარგებლობენ, იმის მიუხედავად, რომ 2017 წელს ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება ყველა სკოლას შესთავაზეს.

კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის ვადამ მოქმედი ხელისუფლების პირობებში რამდენჯერმე გადაიწია. თუკი 2019 წელს მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ამბობდა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის სრულად უნდა გადაჭრილიყო ქვეყნის მასშტაბით სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები და ყველა სკოლა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი ამ დროისთვის, 2023 წელს განათლების მოქმედი მინისტრი გიორგი ამილახვარი 800 სკოლაში ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრის თარიღად 2027 წელს ასახელებს.

განათლების სამინისტრო რადიო თავისუფლების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, უარს ამბობს გასცეს ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენ სკოლაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები - "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისო ურთიერთობების ცენტრის" კვლევის მიხედვით, ამჟამად მშენებლობა, რემონტი ან რეაბილიტაცია მიმდინარეობს სკოლების 4%-ში.

XS
SM
MD
LG