Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ გამოძიება დაიწყო რუსული ილ-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 იანვარს განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი ილ-76, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეებიც იმყოფებოდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 იანვარს განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი ილ-76, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეებიც იმყოფებოდნენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო რუსეთის ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ ილ-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით, რომელიც ომის კანონების და წესების დარღვევას ეხება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ატარებს კომპლექსურ ღონისძიებებს თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად

უკრაინა ამ დრომდე ადასტურებს რუსეთის განცხადებას, რომ ილ-76-ში უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების მიერ დღეს, 25 იანვარს, გავრცელებული ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქში ნაპოვნია თვითმფრინავის ორი „შავი ყუთი“, რომლებსაც გასაშიფრად გაგზავნიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ ლაბორატორიაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 იანვარს, დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავი ილ-76, რომელშიც იმყოფებოდნენ 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები. რუსეთის თანახმად, თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თვითმფრინავს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით დაარტყეს ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტის, ლიპცის რაიონიდან. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური საშუალებებით დააფიქსირეს ორი უკრაინული რაკეტის გაშვება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინა დაადანაშაულა თვითმფრინავის „მიზანმიმართულად“ ჩამოგდებაში და დაგმო „კიევის რეჟიმის ტერორისტული აქტი“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსები ეთამაშებიან უკრაინელი ტყვეების სიცოცხლეს, მათი ნათესავების გრძნობებს და უკრაინის საზოგადოების ემოციებს. ზელენსკიმ საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.

ბელგოროდის ოლქში ილ-76-ის კატასტროფის შესახებ პირველი ცნობების გავრცელებისთანავე, სანამ რუსეთი გამოაცხადებდა, რომ თვითმფრინავში ტყვეები იმყოფებოდნენ, ზოგიერთმა უკრაინულმა მედიასაშუალებამ გენერალურ შტაბში წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსულ სამხედრო თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა და ის უკრაინამ ჩამოაგდო.

მოგვიანებით ამ მედიასაშუალებებმა საიტებიდან წაშალეს ცნობა, რომ ილ-76 უკრაინელებმა ჩამოაგდეს და დატოვეს მხოლოდ ის, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს გადაჰქონდა რაკეტები საზენიტო კომპლექსებისთვის ეს-300.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 24 იანვარს, დღის მეორე ნახევარში დაადასტურა, რომ ტყვეთა გაცვლა იგეგმებოდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამჟამად არ აქვთ სანდო და ამომწურავი ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავში და რამდენი. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, უკრაინელი მეომრების უსაფრთხოება რუსეთს უნდა უზრუნველეყო, ხოლო რაც შეეხება ბელგოროდის რაიონში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ეს უკრაინული მხარისთვის ადრინდელივით არ უცნობებიათ, ისევე როგორც ტყვეთა ტრანსპორტირების საშუალებები, მარშრუტები და ფორმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების წარმოების 30-კილომეტრიან ზონაში სატრანსპორტო თვითმფრინავის დაშვება უსაფრთხო ვერ იქნება და ორივე მხარის მიერ უნდა იყოს განხილული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის ტყვეთა გაცვლის პროცესს. შესაბამისად, უკრაინული მხარე არ გამორიცხავს რუსეთის წინასწარ დაგეგმილ, მიზანმიმართულ ქმედებას უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის და საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტების მიზნით.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინის ხელისუფლებამ იცოდა, რომ უკრაინელი სამხედროები გაცვლის მიზნით სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით უნდა გადაეყვანათ ბელგოროდის აეროდრომზე.

ბელგოროდის ოლქში ილ-76-ის ჩამოვარდნის საკითხზე მსჯელობას გეგმავს გაეროს უშიშროების საბჭო.

XS
SM
MD
LG