Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკურის ექიმები უარს ამბობენ მინისტრთან შეხვედრაზე - მათ აქციაზე ამის მიზეზზე ისაუბრეს


აქციის დროს სამინისტროს შესასვლელთან იდგა პოლიციაც.
აქციის დროს სამინისტროს შესასვლელთან იდგა პოლიციაც.

"ერთად გადავარჩინოთ რესპუბლიკური", - ამ წარწერიანი ფურცლებითა და შეძახილებით თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროს შენობის წინ, აქცია გამართეს თბილისის ცენტრალური კლინიკის თანამშრომლებმა. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია: შეჩერდეს მთავრობის ის ბრძანება, რომლითაც მათი კლინიკა უნდა დაინგრეს.

საავადმყოფოში დასაქმებულმა ადამიანებმა, რომლებიც აქციაზე იყვნენ, მინისტრ ზურაბ აზარაშვილს შეხვედრაზე უარი უთხრეს და ამის მიზეზზე ისაუბრეს.

"გუშინ ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი აპირებდა ჩვენთან შეხვედრას და მოვსულიყავით 7 ადამიანი. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - სანამ არ შეჩერდება რეორგანიზაციის ბრძანება, რომელიც გველაპარაკება შანტაჟის ენით და დროს გვაძლევს მხოლოდ 5 თებერვლამდე, მანამდე კომპენსაციებზე სასაუბროდ ჯანდაცვის მინისტრს არ შევხვდებით", - თქვა აქციაზე კლინიკის კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა ნინო ოთარიშვილმა. მის ამ გამოსვლას კოლეგები ტაშით შეხვდნენ.

მედიასაშუალებებმა გუშინ, 25 იანვარს და დღეს, 26 იანვარს, აქციის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღეს ჯანდაცვის სამინისტროდან ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს".

მთავრობამ საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება 22 იანვარს მიიღო, რამდენიმე საათში კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლებს 4 წინადადება შესთავაზა. ამ შეთავაზებებიდან არცერთი არ არის ახლა მისაღები აქციაზე შეკრებილთათვის. ექიმები ამბობენ, რომ ამ ოთხი შეთავაზებიდან არცერთი არ გულისხმობს მათ უპირობო დასაქმებას.

რესპუბლიკურის მოქმედ თანამშრომლებს, კერძოდ, სთავაზობენ:

  • დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე - მიიღებს 12-თვიან კომპენსაციას, თუ არ მუშაობს სხვა სამსახურში;
  • დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე - მიიღებს 4-თვიან კომპენსაციას, თუ მუშაობს სხვაგან;
  • თუ არ დაწერს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებას, იმავე თანამდებობაზე დასაქმებას სთავაზობენ (მხოლოდ) ერთ რომელიმე სხვა კლინიკაში - ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებიდან 7 დღის ვადაში ასეთ ადამიანს გადაეცემა 4-თვიანი კომპენსაცია;
  • თუ რესპუბლიკურის მოქმედ თანამშრომელს მსგავს თანამდებობას სხვა კლინიკაში ვერ შესთავაზებენ, იმდენი ხნის განმავლობაში (3 წლის ვადაში) მიიღებს ხელფასის ოდენობის კომპენსაციას, სანამ სხვა ორგანიზაციაში არ დასაქმდება.

რესპუბლიკურის თანამშრომლები მოითხოვენ, კლინიკის დემონტაჟთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთავრობამ მათი ჩართულობით მიიღოს.

XS
SM
MD
LG