Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ და სომხეთმა „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ მემორანდუმი გააფორმეს


ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი ღარიბაშვილი.
ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველომ და სომხეთმა „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ განაცხადა 26 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თბილისში მიღებისას.

„ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, არა მხოლოდ მეზობლები, არამედ მეგობრები, გვაქვს კარგი პარტნიორობა ყველა მიმართულებით. დე ფაქტო ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და პარტნიორები. დღეს კი ეს მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში მეექვსე, საექსპორტო პარტნიორებში კი მეორე ქვეყანაა, საიდანაც 2023 წელს საქართველოს „თითქმის მილიონი ტურისტი, ვიზიტორი ესტუმრა“.

ლიდერებს ჯერჯერობით არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რას მოიცავს „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება“.

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით 26 იანვარს ეწვია თბილისს.

აეროპორტში მას დახვდნენ ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა; შედგება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა, რომლის შემდეგაც რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

XS
SM
MD
LG