Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ომს გამორიდებულმა სამმა ლომმა საფრანგეთში მოიპოვა თავშესაფარი


ლომების პარკი "ტაიგანი", ყირიმი. 20 ნოემბერი, 2022 წ. (საილუსტრაციო ფოტო)
ლომების პარკი "ტაიგანი", ყირიმი. 20 ნოემბერი, 2022 წ. (საილუსტრაციო ფოტო)

სამი ლომი, რომლებიც უკრაინაში ტყვეობაში ჰყავდათ, საფრანგეთში, „ველური ბუნების პარკში“ ჩაიყვანეს და უკრაინაში ომს გადაარჩინეს, იტყობინება AFP-ის კორესპონდენტი.

ხვადი ატლასი და ძუები - ლულაჯა და კვინი, ორ-ორი წლის არიან. ისინი საფრანგეთში, ბურგუნდიის ოსუას პარკში მიიყვანეს 26 იანვარს ევროპის გავლით 90-საათიანი მოგზაურობის შემდეგ.

ლომების გადარჩენის ეს აქცია ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდის (IFAW), აშშ-ის არაკომერციული ორგანიზაციის, ბოლო მცდელობაა, გადაარჩინოს „დიდი კატები“, რომლებიც იტანჯებიან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწყებული ომის და ადამიანის მიერ ექსპლუატაციის გამო.

ფონდის წარმომადგენლის, შარლოტე ფონ კროის თანახმად, ატლასი მათ გადასცა კიეველმა ქალმა, რომელთანაც ლომი პატარაობიდან იმყოფებოდა. ორი ძუ ლომი უკრაინის აღმოსავლეთში ნახეს, ისინი, სავარაუდოდ, ასევე კერძო პირებს ჰყავდათ. მათ მიაგნო უკრაინის არასამთავრობო - „ველური ცხოველების მაშველმა“ - ორგანიზაციამ. ის დაუკავშირდა უცხოეთის ზოოპარკებს, რომლებიც მზად იყვნენ თავშესაფარი მიეცათ მათთვის.

ოსუას პარკში, სადაც უკვე იმყოფება 500-მდე ცხოველი, უკრაინიდან ჩაყვანილ ლომებს დიდ ვოლიერებში მოათავსებენ.

IFAW-მა უკრაინაში გადაარჩინა 13 „დიდი კატა“ და ისინი უცხოეთის ქვეყნებში ჩაიყვანა. უკრაინის კანონით, კერძო სახლებში გარეული ცხოველების ყოლა კანონით დაშვებულია. მაგრამ, ამბობს ფონ კროი, ისინი შემთხვევათა 99 პროცენტში პატარა ვოლიერებში ჰყავთ, რაც კანონის დარღვევაა. „ისინი ამ ომის მოულოდნელ მსხვერპლს წარმოადგენენ“, თქვა IFAW-ის თანამშრომელმა, ნატალია კოზაკმა. ლომები, რომლებიც აფრიკის სავანებში უნდა დახეტიალობდნენ, ჩემი ქვეყნის ეზოებში აღმოჩნდნენ“, - ამბობს კოზაკი და დასძენს: „ როცა მათი პატრონები იძულებული იყვნენ გაქცეულიყვნენ, ისინი ბედის ანაბარა მიატოვეს“. უკრაინაში სავარაუდოდ კიდევ იმყოფება „დიდი კატების“ ოჯახის ათამდე წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG