Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ამზადებს უკრაინის მხარდასაჭერ სტრატეგიას: 2024 წელს პრიორიტეტი იქნება თავდაცვა და არა კონტრშეტევა - WP


უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის, რამშტაინის შეხვედრა
უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის, რამშტაინის შეხვედრა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგმაზე, რომელიც 2024 წელს უკრაინის სასარგებლოდ ფრონტის ხაზზე რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ითვალისწინებს. ამის შესახებ Washington Post-ი ამერიკის ადმინისტრაციაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთთან ფართომასშტაბიან ომში მყოფი კიევისთვის ოფიციალურად გამოცხადებულ ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ტერიტორიის დაბრუნება რჩება. ამასთან, Washington Post-ის ინფორმაციით, უკრაინის მხარდაჭერის ახალი სტრატეგიის პროექტი ტერიტორიების განთავისუფლებაზე არ ამახვილებს ყურადღებას. ის ორიენტირებულია თავდაცვაზე, ასევე უკრაინის ეკონომიკის გაძლიერებაზე.

გამოცემა ციტირებს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, რომელიც ირწმუნება, რომ წელს უკრაინას გაუჭირდება ისეთი შეტევითი ოპერაციების გამეორება, რომელიც გასულ ზაფხულს დაიწყო. კონტრიერიშმა მხოლოდ შეზღუდულ წარმატებას მიაღწია და ვერ იქნა მიღწეული ანექსირებული ყირიმის მიმართულებით ე.წ. სახმელეთო დერეფნის შექმნის სტრატეგიული მიზანი.

ადრე არაერთმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ დაწერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში ურჩევს უკრაინას დარჩეს თავდაცვაში, რათა თავიდან აიცილოს ტერიტორიების შემდგომი დაკარგვა. ამავე დროს, მათ განიხილეს შესაძლო კომბინირებული სტრატეგია, რომელშიც "აქტიური თავდაცვა" რუსეთის არმიის ზურგში მდებარე ობიექტებზე იერიშებთან იქნება შერწყმული. გამოცემა Washington Post-ი ასევე წერს, რომ დასავლეთის ქვეყნებს სურთ, კიევმა ყურადღება გადაიტანოს, კერძოდ, შორი რადიუსის სარაკეტო დარტყმებზე ანექსირებულ ყირიმში მდებარე შავი ზღვის ფლოტის და რუსეთის არმიის ობიექტებზე.

უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები და ექსპერტები არ ეთანხმებიან სტრატეგიულ თავდაცვაზე გადასვლის იდეას და აღნიშნავენ, რომ ეს შეიძლება იყოს ნაბიჯი კონფლიქტის გაყინვისკენ, რაც ხელს რუსეთს აძლევს. ამავე დროს, კიევი აღიარებს, რომ ფრონტის ბევრ სექტორში, კერძოდ, კუპიანსკის მახლობლად, ბახმუტსა და ავდეევკასთან, ინიციატივას ამჟამად ფლობს რუსეთის არმია, რომლის წინსვლის ტემპი მინიმალურია სწორედ უკრაინის არმიის ეფექტიანი თავდაცვითი მოქმედების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG