Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა ზუგდიდში


თბილისში ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულების მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში. 28 იანვარი, 2024 წელი
თბილისში ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულების მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში. 28 იანვარი, 2024 წელი

თბილისში, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული აქტივისტების, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდამჭერი აქცია გაიმართა ზუგდიდში.

„ისინი ციხეში არ უნდა დარჩნენ“, „გამოსახლებები უნდა შეჩერდეს“, „დასრულდეს შერჩევითი სამართალი“, „თავისუფლება კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას“, - ამ მოწოდებით მოქალაქეები სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია ზუგდიდის მცხოვრებლები არიან და იცნობენ მათ, როგორც კეთილსინდისიერ და ნიჭიერ ახალგაზრდებს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ დაკავებულთათვის პატიმრობის მისჯა უსამართლო გადაწყვეტილებაა, რადგან აქტივისტები წინააღმდეგობას უწევდნენ ძალადობრივი მეთოდებით მოქმედ აღსრულების პოლიციას.

„ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოქმედებს შერჩევითი სამართალი. არსებობს უამრავი ქეისი, სადაც მკვლელობაში ბრალდებულები, ძალადობაში ბრალდებულები დღეს არიან გარეთ იმის გამო, რომ არიან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები. გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა კი ჩაგრულთა მხარეს იყვნენ“, - განაცხადა აქციის მონაწილე ნიკა ლაშხიამ.

მისი თქმით, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდამჭერი აქციები გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საპროტესტო აქცია ზუგდიდში
საპროტესტო აქცია ზუგდიდში

23 იანვარს აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან.

პოლიციამ გამოსახლების წინააღმდეგთაგან 20 ადამიანი დააკავა. 2 მათგანი - სისხლის სამართლის წესით.

სისხლის სამართლის წესით დაკავებული არიან მოძრაობა „ხმის“ დამფუძნებელი წევრები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია და თსუ-ის პროფესორი აკაკი (კაკო) ჩიქობავა.

მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

XS
SM
MD
LG