Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Red Wings-ი საქართველოში ფრენას აღდგენილი Ту-214-ით აპირებს


Tu-214 ყაზანის აეროპორტში. 28 დეკემბერი, 2023 წელი
Tu-214 ყაზანის აეროპორტში. 28 დეკემბერი, 2023 წელი

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი 9 თებერვლიდან მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მარშრუტზე ავიარეისის შესრულებას აღდგენილი Ту-214-ით აპირებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებსაიტზე წერია.

ამჟამად ავიაკომპანია Red Wings-ი რეისებს საქართველოში Sukhoi Superjet 100-ით ახორციელებს.

იმის შესახებ, რომ Red Wings-მა თავის ავიაპარკში სამგზავრო თვითმფრინავი Ту-214-ი დაამატა, რუსული მედია გასული წლის ბოლოს წერდა.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, Ту-214 (ბორტის ნომრით RA-64518) 2009 წელს ყაზანის საავიაციო ქარხანაში დაამზადეს. 2017 წლამდე მას ავიაკომპანია „Трансаэро" უწევდა ექსპლუატაციას, შემდეგ კი უკვე ავიაკომპანია Red Wings-ის მფლობელობაშია. 2023 წელს სალიზინგო კომპანია „Ильюшин Финанс Ко.-მ" მთავრობის დავალებით ორგანიზაცია გაუწია “ხანგრძლივი შენახვის შემდეგ საფრენი ვადის მქონე ლაინერის აღდგენას“, რის შემდეგაც ბორტმა საფრენი ვადის ახალი სერტიფიკატი მიიღო.

„დღეს დასავლური სანქციები თავისი არსით ასტიმულირებს სამამულო სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის დაჩქარებულ აღდგენას. ჩვენს კომპანიას აქვს Ту 204/214 ოჯახის თვითმფრინავებთან მუშაობის კარგი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, რომ განახლებული Ту-214 გააძლიერებს Red Wings-ის კომპეტენციებს და მოსახერხებელი იქნება მგზავრებისთვის“, - თქვა Red Wings-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენი სოლოდილინმა.

დეკემბერში Red Wings-მა ასევე განაცხადა, რომ მიიღო პირველი შორ მანძილზე მფრინავი თვითმფრინავი Ил-96-400Т, რომელმაც ფრენისუნარიანობის აღდგენის პროცედურა გაიარა. ავიახაზს ექსპლუატაციას კომპანია Sky Gates Airlines-ის შვილობილი სატვირთო კომპანია უწევს.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-იც შეასრულებს. ავიაკომპანიის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციით, რეისები 2 აპრილიდან კვირაში სამი სიხშირით განხორციელდება.

გასული არასრული წლის განმავლობაში, რუსეთში ადგილობრივი ავიახაზების თვითმფრინავების გაუმართაობასა და დაზიანებასთან დაკავშირებული 180-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა. ეს ზუსტად სამჯერ მეტია, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში. გამოცემა Newsweek-ის ჟურნალისტების დაანგარიშებით, ვითარება სწრაფად უარესდება: თუ მთელი ნოემბრის განმავლობაში რუსული თვითმფრინავების 12 დაზიანება აღირიცხა, 1-დან 11 დეკემბრამდე ეს რიცხვი უკვე 14 იყო. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ეს დაკავშირებულია რუსულ საავიაციო ინდუსტრიაზე დაწესებულ სანქციებთან, რის გამოც ვერ ხერხდება ტექნიკური ინსპექტირება სერტიფიცირებული ტექნიკოსების მიერ. რუსული კომპანიები თავიანთ თვითმფრინავებს ხშირად არაკვალიფიციური პერსონალის მეშვეობით, დამოუკიდებლად არემონტებენ. ამასთან, რუსეთში გავრცელებულია ე.წ. „საავიაციო კანიბალიზმი“ - თვითმფრინავის დაშლა სხვა თვითმფრინავის გასარემონტებლად საჭირო სათადარიგო ნაწილებისთვის.

XS
SM
MD
LG