Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

„კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა. განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა".

მონაცემების გაუარესების მიუხედავად, საქართველო 53 ქულით რეგიონში მოწინავეა.

"კორუფციის აღქმის ინდექსი" ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100-ბალიანი სისტემით, როცა 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია. 2023 წელთან შედარებით, საქართველოს უკეთესი შედეგი ჰქონდა 2016-2022 წლებში. მათ შორის, ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2016 წელს.

"საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემებზე - ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე", - წერია კვლევაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავს, რომ ევროკომისიის გაცემული რეკომენდაციებისა და პირობების შესრულება საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.

ორგანიზაციის რეკომენდაციებია:

  • ანტიკორუფციული ბიურო იყოს დამოუკიდებელი და ჰქონდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა. ხელმძღვანელი კი პრემიერის ნაცვლად, დანიშნოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით;
  • "გატარდეს სასამართლოს რეალური რეფორმა";
  • შეიცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი და დაიწყოს გამოძიება მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული რისკების შესახებ;
  • გატარდეს ზომები დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით.
„კორუფციის აღქმის ინდექსი“ კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

რეიტინგში საუკეთესო შეფასება აქვთ დანიას (90 ქულა), ფინეთს (87), ახალ ზელანდიას (85), ნორვეგიას (84). ყველაზე უარესი შედეგი კი აქვთ სომალის (11), ვენესუელას (13), სირიას (13). რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, რუსეთს 26 ქულა აქვს, აზერბაიჯანს - 23, სომხეთს კი - 47.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG