Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პირველად დაადასტურეს სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკზე“ მეზღვაურის დაღუპვა


რუსეთის დიდი სადესანტო გემი "ნოვოჩერკასკი". (ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტი)
რუსეთის დიდი სადესანტო გემი "ნოვოჩერკასკი". (ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტი)

რუსეთის ოფიციალურმა დაწესებულებამ პირველად დაადასტურა ერთ-ერთი მეზღვაურის სიკვდილი დიდ სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკზე“, როცა 2023 წლის 26 დეკემბერს დარტყმა განხორციელდა ფეოდოსიის პორტზე. არაოფიციალური მონაცემებით, მაშინ შესაძლოა 30-ზე მეტი მეზღვაური დაღუპულიყო.

რუსეთის ქალაქ შახტის (როსტოვის ოლქი) ერთ-ერთმა გიმნაზიამ თავის საიტზე დაადასტურა „ნოვოჩერკასკზე“ თავისი კურსდამთავრებულის სიკვდილი. ამ გარემოებას ყურადღება მიაქცია Krym.realii-მ. გიმნაზიის საიტზე ნახსენებია, რომ დაიღუპა უფროსი მეზღვაური იგორ მეშჩერიაკოვი. მან ეს სასწავლებელი 2017 წელს დაამთავრა.

„2021 წლიდან მსახურობდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ძალების დიდი სადესანტო გემების 197-ე ბრიგადაში, დიდ სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკზე“, უფროსი მატროსის წოდებით“, - ნათქვამია საიტზე. იქვე ნახსენებია, რომ მეშჩერიაკოვი დაიღუპა 2023 წლის 26 დეკემბერს - ფეოდოსიაზე სარაკეტო იერიშის დღეს - და აღნიშნულია, რომ ის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა სიმამაცის ორდენით.

ამგვარად, აღნიშნავს Krym.realii, მეშჩერიაკოვი არის „ნოვოჩერკასკის“ პირველი მეზღვაური, რომლის დაღუპვაც ოფიციალურად დაადასტურეს.

2023 წლის 26 დეკემბერს, ანექსირებული ყირიმის ფეოდოსიის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად, უკრაინის მხარის მონაცემებით, განადგურდა სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღიარეს გემზე დარტყმა. რუსეთის სამხედროთა შორის დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სატელიტური ფოტოები და თვითმხილველთა მონათხრობი მოწმობს, რომ გემი ფაქტობრივად განადგურდა.

ინტერნეტში განცხადებები გამოაქვეყნეს მეზღვაურთა ნათესავებმა, რომლებიც თავიანთი ახლობლების პოვნას ცდილობდნენ. ტელეგრამის არხ Astra-ს თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება „ნოვოჩერკასკის“ 33 მეზღვაური, მთლიანად ხომალდზე 77 მეზღვაური იყო. ოფიციალური მონაცემები კვლავაც არ გამოუქვეყნებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG