Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა უარი თქვა, რუსეთისთვის გადაეცა ძებნილი ჩეჩენი მამაკაცი, რომლის თქმითაც, მას პოლიციაში აწამებდნენ


სალმან მუკაევი ერევანში. 25 მაისი, 2023.
სალმან მუკაევი ერევანში. 25 მაისი, 2023.

ერევნის ადმინისტრაციულმა სასამართლომ უარი თქვა ჩეჩნური წარმოშობის რუსეთის მოქალაქის, სალმან მუკაევის რუსეთში ექსტრადირებაზე. მუკაევს სამშობლოში აწამებდნენ ჰომოსექსუალობაში ეჭვის გამო. სომხეთში მას თავშესაფარი და ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს, როგორც პირს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში რეპრესიები ემუქრება. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა კრიზისულმა ჯგუფმა „სკ სოს-მა“.

ერევნის სასამართლომ აღიარა, რომ ჩეჩნეთში და ზოგადად რუსეთში ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებმა შეიძლება განიცადონ დევნა, რეპრესიები და სასტიკი მოპყრობა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში ნახსენებია ახალი რუსული ნორმები, რომელთა მიხედვითაც ლგბტქ+ ექსტრემისტულ მოძრაობად არის აღიარებული.

სალმან მუკაევი ჩეჩნეთში 2020 წლის თებერვალში დააკავეს. უფლებადამცველების თქმით, პოლიციელებმა მას სცემეს, მას სკოჩით აბამდნენ, ცელოფნის პარკით ახრჩობდნენ და ელექტროშოკით აწამებდნენ - ნეკა თითებზე გაშიშვლებულ მავთულებს ადებდნენ. ის წამებით აიძულეს, ეღიარებინა მეგობართან სექსუალური ურთიერთობა და გაათავისუფლეს მხოლოდ „თანამშრომლობის“ სანაცვლოდ: მას ინტერნეტით უნდა გაეცნო მამაკაცები და ისინი პოლიციასთან დაებეზღებინა, აღნიშნავს ტელეარხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“.

მუკაევი გათავისუფლების შემდეგ სომხეთში გაემგზავრა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ის ძებნილად იყო გამოცხადებული სისხლის სამართლის საქმეზე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, გადაცემის ან შენახვის ბრალდებით. სომხეთიდან მუკაევს სურდა გაფრენა ევროპის ქვეყანაში, რომელიც მზად იყო მისთვის თავშესაფარი მიეცა. მაგრამ საპასპორტო კონტროლზე გააჩერეს და უთხრეს, რომ ის რუსეთში იძებნებოდა და საზღვარს ვერ გადაკვეთდა. ამის შემდეგ მან თავშესაფარი ითხოვა სომხეთში.

ჩეჩნეთში დევნის შემდეგ, მუკაევის ოჯახი დაინგრა: ათი წლის ქორწინების შემდეგ მისი ცოლი ნათესავებმა სახლში წაიყვანეს. სალმან მუკაევმა ვებსაიტ Kavkaz.Realii-სთან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რა გადახდა მას გროზნოში შსს-ში, რატომ დატოვა რუსეთი და როგორ აფასებს სამშობლოში შესაძლო დეპორტაციის რისკებს.

XS
SM
MD
LG