Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ ჟურნალისტ მთივლიშვილს მოსამართლემ ჯარიმა დააკისრა


გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი, "მთის ამბების" რედაქტორი
გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი, "მთის ამბების" რედაქტორი

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ჟურნალისტს, რომელიც თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავა პოლიციამ. "მთის ამბებისა" და "საქართველოს ამბების" რედაქტორის, გელა მთივლიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 31 იანვარს, დილით გამოცხადდა.

"მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ ჰქონდა არცერთი მტკიცებულება, პოლიციელის ყალბი და ცრუ ჩვენების გარდა, არც ველოდი სხვა გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო შჩერბაკოვისგან. ის ცნობილია მსგავსი გადაწყვეტილებით. არ ვეთანხმები, გავასაჩივრებ სააპელაციო სასამართლოში და შემდეგ მივმართავ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს", - უთხრა რადიო თავისუფლებას გელა მთივლიშვილმა.

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი პოლიციამ სწორედ იმ დროს დააკავა, როცა იღებდა აქციის მონაწილის გადაყვანის ფაქტს.

აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან გამოასახლა ოჯახი. იმ დღეს 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 2 სისხლის სამართლის წესით. ადმინისტრაციულად დაკავებულთა შორის იყო ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი. მისი საქმე განიხილა მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა.

სწორედ შჩერბაკოვია ის მოსამართლე, რომელმაც ასევე ჯარიმები დააკისრა ე.წ. აგენტების კანონის საპროტესტო აქციებზე მყოფი "ტაბულისა" (ბექა ჯიქურაშვილი) და "პუბლიკის" (ზურა ვარდიაშვილი) ჟურნალისტებს.

XS
SM
MD
LG