31 იანვარს, დილიდან, თბილისში 18-მეტრიანმა ავტობუსმა დაიწყო მოძრაობა. დედაქალაქის მერიამ ახალი ავტობუსები ჯერ მხოლოდ ერთ ხაზზე გაუშვა.
N302 ხაზზე 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანით შეიცვალა. ხაზზე გაშვებული ავტობუსების რაოდენობა (9) არ გაზრდილა.
დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონიდან გამოსული ავტობუსი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მიდის. ის გაივლის:
- დიდ დიღომში რამდენიმე ქუჩას;
- დავით აღმაშენებლის ხეივანს;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს;
- გარემოს დაცვის სამინისტროს;
- ჟვანიას მოედანს;
- ვაჟა-ფშაველას გამზირს;
- მეტროსადგურებს: "სამედიცინო უნივერსიტეტი"; "დელისი", "ვაჟა-ფშაველა", "სახელმწიფო უნივერსიტეტი";
- ბაგების საბაგიროს.
2023 წლის 22 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ახალი ავტობუსები 2024 წლის იანვრის ბოლოდან ივლიდნენ ხაზებზე.
ახალი ავტობუსების გაშვება იგეგმება კიდევ სამ ხაზზე:
- N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;
- N308 (გლდანიდან ორბელიანის(კოლმეურნეობის) მოედნამდე) - გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: "ახმეტელის თეატრი", "სარაჯიშვილი", "გურამიშვილი", "ღრმაღელე", "დიდუბე", "წერეთელი", "მარჯანიშვილი", "რუსთაველი", "თავისუფლების მოედანი";
- N314 (დიდი დიღმიდან ორბელიანის(კოლმეურნეობის) მოედნამდე) - გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.
- ავტობუსების რაოდენობა - 160;
- ერთეულის ფასი - 1 618 759 ლარი;
- მწარმოებელი - MAN-ი;
- მოდელი - MAN Lion's City 18C;
- გამძლეობა - 12 წელი და 1 020 000 კმ;
- გამოშვების თარიღი - 2023 წელი;
- სიგრძე - 18,06 მეტრი;
- სიგანე - 2,55 მეტრი;
- სიმაღლე - 3,34 მეტრი;
- კარების რაოდენობა - 4 (შიდა გაღების, ორფრთიანი);
- იატაკი - მთლიან სამგზავრო სივრცეში იქნება დაბალი, გარდა ბორბლებისა და ძრავის სივრცეებისა;
- ტევადობა - 162 მგზავრი (43 დასაჯდომი, მძღოლის ადგილი, 2 დასაკეცი სავარძელი, შშმ პირებისთვის 1 ეტლის ადგილი);
- მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ;
- შესაძლებლობა - შეუძლია 18%-იან დახრილობაზე ასვლა;
- ფერი - დამკვეთთან შეთანხმებით სამ ფერში;
- გათბობა-გაგრილება - ავტობუსს ექნება კონდიცირების სისტემა და შესაძლებელი იქნება ფანჯრების გაღება;
- ელექტრონული მოწყობილობები - WiFi (2 SIM სლოტი) 100 მგზავრის წვდომის შესაძლებლობით, USB დამტენები, გამოცხადების სისტემა, საინფორმაციო დაფა.
თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. კონტრაქტი დაიდო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი ჯდება, ჯამში კი - 259 მილიონი ლარი.
კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების პირობა 5 წლის წინ დადო, მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, "გარემოსდაცვითი ხედვის" პრეზენტაციისას.