Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა შედგა, პირველად რუსეთის ილ-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ


სამშობლოში დაბრუნებული უკრაინელი ტყვეები. ფოტო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა 2024 წლის 31 იანვარს.
სამშობლოში დაბრუნებული უკრაინელი ტყვეები. ფოტო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა 2024 წლის 31 იანვარს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 31 იანვარს უკრაინას გადაეცა უკრაინის შეიარაღებული ძალების 195 ტყვე, უკრაინიდან კი რუსეთში დაბრუნდა ტყვეობაში მყოფი 195 რუსი სამხედრო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამში საკუთარ არხზე დაწერა, რომ გაცვლის შედეგად უკრაინას დაუბრუნდა 207 ადამიანი. როგორც RBC-Ukraine იტყობინება, მათგან ყველაზე უფროსი 61 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა - 20-ის. გადაცემული ტყვეებიდან მინიმუმ 36 დაჭრილია ან სერიოზული დაავადებები სჭირს.

ეს ტყვეთა პირველი გაცვლაა მას შემდეგ, რაც რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, 24 იანვარს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც ბელგოროდში მიჰყავდათ გასაცვლელად. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, თვითმფრინავი უკრაინელებმა ჩამოაგდეს.

უკრაინის ხელისუფლებას, მათ შორის არც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, არ დაუდასტურებიათ ან უარუყვიათ თვითმფრინავის დაღუპვის რუსული ვერსია. მათ დაადასტურეს ის, რომ გაცვლა ნამდვილად მზადდებოდა და არ შემდგარა. უკრაინამ რუსეთს ბრალი დასდო, რომ ის ტყვეების თემას იყენებს უკრაინის საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის და კატასტროფასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG