Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორსიკაში დააკავეს იტალიური მაფიის ერთ-ერთი ბოსი


საილუსტრაციო ფოტო: სიცილიის მაფიის ერთ-ერთი ბოსის, მენაროს დაკავება პალერმოში. იანვარი, 2024 წელი
საილუსტრაციო ფოტო: სიცილიის მაფიის ერთ-ერთი ბოსის, მენაროს დაკავება პალერმოში. იანვარი, 2024 წელი

საფრანგეთში დააკავეს იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი მაფიური გაერთიანების ბოსი, რომელიც გასულ წელს მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაიქცა, - განაცხადეს ორივე ქვეყნის ხელისუფლებების წარმომადგენლებმა 2 თებერვალს.

მარკო რადუანო ბასტიაში დააკავეს, საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე. იგი ევროპოლის მიერ დამნაშავეთა სიაში შეყვანილი იყო აღწერილობით - "საშიში".

მარკო რადუანო კედლებზე დასაშვებად ზეწრების გამოყენებით 2023 წლის თებერვალში გაიქცა სარდინიის ნაუროს განსაკუთრებით დაცული ციხიდან.

მისი "მარჯვენა ხელი", ჯანლუიჯი ტროიანო, ასევე დააკავეს გრენადის მახლობლად, ესპანეთში, განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოზიმ და მომხდარს უწოდა "კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ".

40 წლის რადუანო არის სოფლის კლანის, "გარგანოს" ბოსი. ეს კლანი მოქმედებს ახალგაზრდა და ნაკლებადცნობილი ორგანიზებული დანაშაულის სინდიკატის შემადგენლობაში ფოჯაში, იტალიის სამხრეთ რეგიონ აპულიაში და ცნობილია, როგორც "მეოთხე მაფია".

ევროპოლის მონაცემებით, მარკო რადუანო 24-წლიან პატიმრობას იხდიდა დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობისთვის, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, იარაღის უკანონო ტარებისა და სხვა დანაშაულებისთვის. ევროპოლმა განაცხადა, რომ ის იყო თავისი კრიმინალური ორგანიზაციის "სათავეში" და "ასრულებდა მამოძრავებლის, ორგანიზატორისა და დაუნდობელი მკვლელის როლს ჯგუფში, რომელიც დაკავებული იყო მკვლელობებით, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობითა და რეკეტით".

მარკო რადუანოს გაქცევამ იტალიის ხელისუფლება უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და გამოავლინა ძალა "მეოთხე მაფიისა", რომელიც დღეისათვის იტალიის ორგანიზებული დანაშაულის ყველაზე ძალადობრივ სინდიკატად ითვლება.

ნაკლებად დახვეწილი, ვიდრე მდიდარი "ნდრანგეტა", ნეაპოლის "კამორა" ან სიცილიის "კოზა ნოსტრა", ფოჯის კლანები დაკავებული არიან გამოძალვით, თავდასხმებითა და მუქარით. მათ სახელთანაა დაკავშირებული ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობა, შეიარაღებულ ძარცვა და მანქანებისა და საქონლის ქურდობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG