Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს დემობილიზაციის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის 25 მონაწილე


საილუსტრაციო ფოტო: პოლიციელები მოსკოვის ქუჩებს ხერგავენ საპროტესტო აქციის მონაწილეთა შესაკავებლად. 21 აპრილი, 2021.
საილუსტრაციო ფოტო: პოლიციელები მოსკოვის ქუჩებს ხერგავენ საპროტესტო აქციის მონაწილეთა შესაკავებლად. 21 აპრილი, 2021.

მოსკოვში, კრემლის კედელთან, ალექსანდრეს ბაღში, პოლიციამ დააკავა 25 ადამიანი, ძირითადად მედიის თანამშრომლები. იქ მიმდინარეობდა რეგულარული საპროტესტო აქცია მობილიზაციის წინააღმდეგ. ამჯერად მასზე გამოსვლის მოწოდებით გამოვიდა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელიც.

ტელეგრამის არხის, „პუტ დომოის“ მონაწილეები ალექსანდრეს ბაღში შეიკრიბნენ რუსეთში მობილიზაციის დაწყების მე-500 დღეს, რათა ყვავილები მიეტანათ უცნობი ჯარისკაცის საფლავზე. გუშინ არხმა ფრონტზე გაგზავნილ მობილიზებულთა ნათესავებს და „ყველა არაგულგრილ მოქალაქეს“ მოუწოდა მისულიყვნენ კრემლის კედელთან.

„ომონის“ ერთ-ერთ ავტობუსში მოხვდა ერთ-ერთი მობილიზებულის ნათესავი, მოუყვა ჟურნალისტებს მოძრაობა „პუტ დომოის“ („გზა შინისკენ“) აქტივისტი მარია ანდრეევა. ის შეეცადა, არ გაეშვა ავტობუსი, მაგრამ ის პოლიციელებმა გაწიეს, იტყობინება „სოტი“.

მოსკოვის პროკურატურამ 3 თებერვალს ტელეგრამის ოფიციალურ არხზე გაფრთხილება დაწერა ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი ღონისძიებებისკენ მოწოდებისა და მათში მონაწილეობისთვის პასუხისმგებლობის თაობაზე. ტექსტში აღნიშნულია, რომ უწყებამ მიიღო ინფორმაცია „მოსკოვის ცენტრში საჯარო აქციის შესახებ“.

„სერინის“ ცნობით, პოლიციელები აკავებდნენ ყველას, ვინც ფოტოს უღებდა მარადიული ცეცხლის მემორიალზე ყვავილების მიტანას. OVD-Info-ს შეფასებით, დაკავებულია ოცამდე ადამიანი.

მათ შორის არიან კორესპონდენტები ისეთი მედიაორგანიზაციებისა, როგორებიცაა: „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“, SOTAvision, „მოჟემ ობიასნიტ“, „კომერსანტი“,Der Spiegel - იტყობინებიან სოცქსელებში. „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“ 25 დაკავებულის შესახებ იტყობინება.

რუსეთში მობილიზაცია 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო უკრაინაში რუსეთის არმიის წარუმატებლობის ფონზე. ოფიციალური მონაცემებით, მთლიანობაში არმიაში გაგზავნეს 300 ათასი ადამიანი. ისინი ჯარში სამსახურს ვერ შეწყვეტენ მობილიზაციის პერიოდის დასრულებამდე, რომელიც, როგორც ხელისუფლების გაცხადებებიდან ჩანს, არ დასრულდება უკრაინაში ომის დამთავრებამდე.

მინიმუმ 5216 მობილიზებული უკვე დაიხოცა ფრონტზე, როგორც ამას ღია წყაროები მეტყველებს. მობილიზებულთა ნათესავები თავიდან საპროტესტო აქციებზე იკრიბებოდნენ ცუდი აღჭურვისა და მომზადების გასაპროტესტებლად, ახლა კი ისინი დემობილიზაციას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG