Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა გირაოთი გაათავისუფლეს


მათ გირაოს გადახდა მოუწევთ
მათ გირაოს გადახდა მოუწევთ

თბილისში, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა გირაოთი გაათავისუფლეს. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს, 3 თებერვალს გამაოცხადა.

თითოეულ მათგანს 3000 ლარის გადახდა მოუწევს. პროკურატურა მათთვის 5000 ლარის შეფარდებას ითხოვდა.

რამდენიმე დღის წინ, 30 იანვარს, პროკურორმა როინ ხინთიბაძემ თქვა, რომ მზად არიან მოითხოვონ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, თუ დაკავებულები აღიარებენ წარდგენილ ბრალს და დაფარავენ მანქანის დაზიანებული ნაწილის ხარჯს.

ბრალდებულები აღიარებენ, რომ მანქანა მათ დააზიანეს, თუმცა არა შეთანხმებულად - ჯგუფურად დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოებაა.

  • კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის;
  • გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.

პოლიციამ მოძრაობა "ხმის" თანადამფუძნებლები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით 23 იანვარს დააკავა, თბილისის ცენტრში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს - "ხმა" არის ის ორგანიზაცია, რომელმაც კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების ხელშესაშლელად აქცია მოაწყო. ორივე მათგანს შსს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას.

პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.

დაკავებულებს ბრალი წაუყენეს 24 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 2 თებერვალს კი სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ადვოკატების საჩივარი.

XS
SM
MD
LG