Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ისტორიაში პირველად გახდა ირლანდიელი ნაციონალისტი


ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიშელ ო'ნილი (მარჯვნივ). ბელფასტი, 25 აპრილი, 2022.
ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიშელ ო'ნილი (მარჯვნივ). ბელფასტი, 25 აპრილი, 2022.

ჩრდილოეთ ირლანდიის (ოლსტერის) პრემიერ-მინისტრი ისტორიაში პირველად გახდა ირლანდიელი ნაციონალისტი, პარტია „შინ ფეინის“ წარმომადგენელი, ირლანდიასთან გაერთიანების მომხრე მიშელ ო’ნილი. მან შაბათს დაიკავა თანამდებობა. ცერემონია ბელფასტში გაიმართა.

ჩრდილოეთი ირლანდია დიდ ბრიტანეთთან ერთად ქმნის გაერთიანებულ სამეფოს, რომლის შემადგენლობაშიც ის მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობს. რეგიონის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლისა და ირლანდიასთან შეერთების მომხრეა, მაგრამ ბევრნი ემხრობიან დიდი ბრიტანეთის ერთიანობის შენარჩუნებას. ადრე პირველი მინისტრის პოსტი ყოველთვის ეკავათ იუნიონისტებს - დიდ ბრიტანეთთან კავშირის მომხრეებს. მაგრამ 2022 წლის მაისის არჩევნებში რეგიონულ პარლამენტში ადგილების უმრავლესობა „შინ ფეინმა“ მოიპოვა და, ტრადიციის შესაბამისად, პირველი მინისტრის პოსტის მოპოვების უფლებაც მიიღო.

ახალი კაბინეტის დანიშვნა უკვე თითქმის ორი წელია, ვერ ხერხდებოდა პრობრიტანული დემოკრატიული იუნიონისტების პარტიის ბოიკოტის გამო. მაგრამ ის ბოლოს და ბოლოს დათანხმდა „შინ ფეინთან“ ერთად კოალიციური მთავრობის შექმნას და პირველი მინისტრის მოადგილის თანამდებობა მიიღო.

ო’ნილმა თავის გამოსვლაში პირობა დადო, რომ რეგიონს უხელმძღვანელებს მისი ყველა მოსახლის საკეთილდღეოდ და არ შეხებია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან რეგიონის შესაძლო გასვლის თემას. მან ისაუბრა სისხლიან კონფლიქტზე ირლანდიის ერთიანობის მომხრეთა და იუნიონისტებს შორის, რაც მხოლოდ 1990-იან წლებში დასრულდა ე.წ. ვნების პარასკევის შეთანხმებების ხელმოწერით, და თქვა, რომ ყველა მსხვერპლზე შესტკივა გული. კომენტატორები შენიშნავენ, რომ 47 წლის ო’ნილი წარმოადგენს „შინ ფეინის“ ახალ თაობას, რომელიც უკვე აღარაა დაკავშირებული ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მხარდაჭერასთან. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, ტერორისტულ მეთოდებს მიმართავდა ლონდონის წინააღმდეგ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG