Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიქოვანმა აღნიშნა ივანიშვილის როლი „სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში"


საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი

პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარი ხედვის წარდგენის დროს ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ. ჩიქოვანმა თითოეული მათგანის დამსახურებაზე გააკეთა აქცენტი.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლი ჩვენი სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში", - თქვა ჩიქოვანმა.

ირაკლი კობახიძის შესახებ კი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა: „დიდი პატივია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბატონ ირაკლი კობახიძის ნდობა. სამშობლოსადმი მისი ერთგულება, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და დაუღალავი შრომის უნარი სამაგალითოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტისთვის".

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილს, ჩიქოვანმა მას „გონიერი და ძლიერი ლიდერობისთვის" მადლობა გადაუხადა.

„პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდგომ, ვუერთდები მთავრობის შემადგენლობას, ვუერთდები თანამებრძოლებს, მეგობრებს, რომლებმაც არაერთი წარმატება მოუტანეს ჩვენს სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. მადლობა მას მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებისთვის, ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში გონიერი და ძლიერი ლიდერობისთვის და, რა თქმა უნდა, წარმატება ახალ სარბიელზე", - თქვა თავდაცვის მომავალმა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ 2 თებერვალს პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი იცვლება. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანია.

XS
SM
MD
LG