Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდურმა ჰოლდინგურმა კომპანია Yandex N.V.-მ რუსული Yandex-ის გაყიდვაზე გარიგებას მიაღწია


რუსული Yandex-ის სათავო ოფისი მოსკოვში. 4 ოქტომბერი, 2018.
რუსული Yandex-ის სათავო ოფისი მოსკოვში. 4 ოქტომბერი, 2018.

ნიდერლანდის კომპანია Yandex N.V.-მ გარიგებას მიაღწია რუსული Yandex-ის კერძო ინვესტორებისა და კომპანიის მენეჯერების კონსორციუმისთვის 475 მილიარდ რუბლად (5,2 მლრდ დოლარი) მიყიდვის თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ნიდერლანდური კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში. გარიგების საერთო ღირებულება ითვალისწინებს საბაზრო ღირებულებიდან მინიმუმ 50%-იან ფასდაკლებას რუსეთის ფინანსთა სამინისტროს უცხოური ინვესტიციების კონტროლის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად.

მიმდინარე წლის 31 ივლისამდე Yandex N.V.-მ სახელწოდება უნდა შეიცვალოს და უნდა შეწყვიტოს Yandex-ის ბრენდების გამოყენება.

ჯგუფის ახალი სათავო კომპანია Yandex N.V.-ის ნაცვლად გახდება კალინინგრადის ოლქში რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანია სააქციონერო საზოგადოება Yandex-ი.

ამ კომპანიის ძირითადი მფლობელი იქნება დახურული საინვესტიციო ფონდი „კონსორციუმ.პერვი“. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, მის შემადგენლობაში შემავალ 50 ადამიანში არ იქნებიან აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის სანქციებში მოხვედრილი პირები.

ასევე კომპანიის ნაწილი ერგება ვენჩურული ფონდის, Leta Capital-ის დამფუძნებელ ალექსანდრე ჩაჩავას სტრუქტურებს, „ლუკოილის“ საპაიო ფონდს და დეპოზიტორიუმ „ინფინიტუმის“ ხელმძღვანელ პაველ პრასს. მეპაიეთა წილებს არ ასაჯაროებენ, მაგრამ კომპანიაში აღნიშნავენ, რომ არცერთ მათგანს არ ექნება კონტროლი.

Yandex-ის გენერალურ დირექტორად რჩება არტიომ სავინოვსკი. კომპანია ასევე შეინარჩუნებს Yandex N.V.-ის ბიზნესებს, სერვისებსა და აქტივებს, გარდა უცხოური სტარტაპებისა და დატა-ცენტრისა ფინეთში.

ნიდერლანდური კომპანიის კონტროლს გაინაწილებენ Yandex-ის დამაარსებელი არკადი ვოლოჟი, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოვიდა, და უცხოელი აქციონერები, რომელთა შორის ომამდე იყვნენ უმსხვილესი დასავლური ფონდები, იტყობინებიან The Bell და „მედუზა“ წყაროებზე დაყრდნობით.

გარიგება ჯერ არ შესულა ძალაში.

Yandex-დან უცხოელი აქციონერების გასვლის საკითხზე მსჯელობა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყეს.

ადრე მედიაში იტყობინებოდნენ, რომ Yandex-ი შეიძლება გაიყოს საერთაშორისო და რუსულ ნაწილებად, ამასთან, რუსული ნაწილი უნდა რგებოდათ ინვესტორებს რუსეთიდან. „მედუზა“ და The Bell მაისში წერდნენ, რომ Yandex-ის გაყოფის გარიგებაზე თანხმობა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

ნოემბერში Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ Yandex N.V. განიხილავს 2023 წლის ბოლომდე ერთდროულად ყველა თავისი რუსული აქტივის გაყიდვას. გარიგებას 5-6 მილიარდ დოლარად აფასებდნენ.

Reuters-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლება არ ახდენს Yandex-ის ნაციონალიზაციას, ვინაიდან კომპანიიდან ტვინების გადინების ეშინია.

XS
SM
MD
LG