ორშაბათს საღამოს ისევ დაკეტეს ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა. ამის შესახებ განაცხადეს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, მთაში გადაუღებლად თოვს, რაც ზვავსაშიშროებას ქმნის. მოყინულია გზაც, ცენტრალურ მაგისტრალზე ასეთ პირობებში გადაადგილება კი საფრთხის შემცველია. ამჟამად როკის გვირაბისკენ გადაადგილება ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია.
დე ფაქტო უწყებაში არ აკონკრეტებენ, როდის გაიხსნება გზა, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ეს ყველაფერი მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.
ოკუპირებულ ჯავის რაიონში მეოთხე კვირაა გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელი კოზი. ადგილობრივი კომუნალური სამსახურის თანამშრომლები კოზისკენ გზის გაწმენდას ვერ ახერხებენ. ამის მიზეზი დიდთოვლობა და გაუმართავი ტექნიკაა. ოსურ მედიაში სოფელ კოზის გზის ჩაკეტვის შესახებ პირველი ინფორმაცია იანვრის შუა რიცხვებში გაჩნდა. დაბა კვაისის კომუნალური სამსახურის უფროსი ვადიკ კაჩმაზოვი მაშინ ირწმუნებოდა, რომ გზას რამდენიმე დღეში გაწმენდდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც პროდუქტების დეფიციტი ჰქონდა, დაეხმარებოდნენ. მას შემდეგ კიდევ სამ კვირაზე მეტი გავიდა.
ოსურ მედიასთან საუბარში ვადიკ კაჩმაზოვი ამბობს, რომ ტრაქტორი, რომელიც გზას წმენდდა, რამდენჯერმე გაფუჭდა, რამაც სამუშაოების შეფერხება გამოიწვია. იგი ვერ აზუსტებს, როდის დასრულდება გზის წმენდის სამუშაოები კოზის მიმართულებით.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან ერთადერთი გზა აკავშირებს, რომელიც მთიან რელიეფზე გადის. მისი სიგრძე 164 კმ-ია. ავდრის, დიდთოვლობისა და ზვავების გამო ზამთარში მაგისტრალი გარკვეული დროით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.