ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების მშვიდობიანი „დაბრუნების“ შესახებ შიდა აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი. მსგავსი განცხადებები სხვადასხვა დონეზე ადრეც გაკეთებულა. აშკარაა, რომ ისინი ჩვენთვის აქტუალური არ არის. ოს ხალხს, რომელმაც არაერთხელ გამოცადა სამხრეთელი მეზობლის „მშვიდობა“, მშვენივრად ესმის ასეთი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ფასი. ჩვენ მოგიწოდებთ, მოიშოროთ ილუზიები და მიიღოთ არსებული გეოპოლიტიკური რეალობები, რომლებიც გაჩნდა რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ“, - განუცხადა ჯიოევმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასს".
ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამაში, რომელიც დასამტკიცებლადაა გაგზავნილი პარლამენტში, მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს რუსეთ- საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კურსის გაგრძელებას.
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ პარტიის მთავარი მიზნები დაასახელა. მათ შორის - „საქართველოს ფიზიკური და სულიერი გაერთიანება“, „საქართველო აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან, აფხაზებთან და ოსებთან ერთად“.
სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ "გვაქვს ურყევი მზაობა, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა; დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი ყველა ჩვენგანის განუხრელი არჩევანია."