Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საელჩო მოელის, რომ საქართველო "ასაფეთქებელი C-4-ის" საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს


უკრაინის საელჩო საქართველოში
უკრაინის საელჩო საქართველოში

უკრაინის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ „ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას“. საუბარია სუსის 5 თებერვლის განცხადებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება C-4, რომელიც რუსეთის ქალაქ ვორონეჟში გასატანად უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით შემოიტანეს საქართველოში მიმდინარე წლის 19 იანვარს.

სუსის მიხედვით, "პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა".

"უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით.

საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს.

გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით", - ნათქვამია საქართველოში უკრაინის საელჩოს გაცხადებაში.

მანამდე სუსის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ თქვა, რომ "აღნიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი გარემოება იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომელიც განხორციელდებოდა საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში".

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამომჟღავნებული ფაქტებით დასტურდება "ის, რასაც, პრინციპში, ღიად ამბობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომ მათ სურდათ და ალბათ, დღესაც სურთ მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში".

"პოლიტიზირება არაფერ შუაშია, საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. რა შუაშია აქ პოლიტიზირება? ქვეყნის უსაფრთხოებაც პოლიტიკური საკითხია, მაგრამ პოლიტიზირება არაფერ შუაშია. ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ასეთ განცხადებას, ალბათ, არ გააკეთებდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.

2022 წლის 1 მარტს, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

2022 წლის 28 თებერვალს საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ის ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნის დახმარება სურდა.

XS
SM
MD
LG