Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში, სავარაუდოდ, დრონით შეტევა იყო ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე


ფოტო არქივიდან. ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა იყო 2023 წლის მაისშიც.
ფოტო არქივიდან. ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა იყო 2023 წლის მაისშიც.

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ხანძარი გაჩნდა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ადგილობრივი ხელისუფლება ღამის 2 საათისთვის დაწყებული ხანძრის გამომწვევ მიზეზს არ ასახელებს, თუმცა სავარაუდოა, რომ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ხანძრამდე რამდენიმე აფეთქება მოხდა.

დღეს დილით, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და მისი გამომწვევი მიზეზები დადგენის ეტაპზეა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ზოგადი მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის 19 „უკრაინული“ უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 2 კრასნოდარის მხარეში.

უკრაინას ილსკის ქარხანაზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. კრასნოდარის მხარის ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2023 წლის მაისშიც.

2024 წლის 25 იანვარს ხანძარი იყო კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში, ნავთობის ბაზაზე. მანამდე - ქალაქ სანქტ-პეტერბურგის და ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზებზე. უკრაინის სპეცსამსახურებში დაადასტურეს, რომ ამ ობიექტებს დრონებით შეუტიეს.

XS
SM
MD
LG